
ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ხელს უწყობს საქართველოს პრეზიდენტს, რომ ის გაჯიუტდეს კონსტიტუციის დარღვევაში და პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამიტომ განსაკუთრებით უცხოელ აქტორებს მოვუწოდებ, პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის თქმითაც, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელს არ უწყობს.
პაპუაშვილის განმარტებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი აბსოლუტურად ცივილურად და ევროპულად მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ხელისუფლებას სწორედ ასე ესმის ევროპულობა, რომ დაცული უნდა იყოს ქვეყნის უზენაესი კანონი - კონსტიტუცია.
„თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ევროპული ღირებულებები, სწორედ ვგულისხმობთ იმას, რომ სწორედ კანონის უზენაესობა არის ჩვენთვის საერთო და აქ არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ქვეყნები - ქვეყნები, სადაც კანონის უზენაესობას და კონსტიტუციას აქვს მნიშვნელობა და ქვეყნები, სადაც შეიძლება კონსტიტუცია იყოს მეორეხარისხოვანი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ზუსტად ის ევროპული მიდგომა, რომელსაც „ქართული ოცნება“ იჩენს, რომ ამ საკითხს ჩვენ არა პოლიტიკური კინკლაობით და დებატით ვწყვეტთ, არამედ სასამართლოს მივმართავთ. ამისთვის გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლო სხვა რამისთვის ხომ არა, რომ საკონსტიტუციო საკითხებზე თავისი კომპეტენტური აზრი წარმოადგინოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საიმპიჩმენტო დავა მოიცავს იმას, არის თუ არა საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელს ნამდვილად არ უწყობს.
0
0