
თბილისში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.
„ძალიან რთულია, ეს ყველაფერი სიტყვებით გამოხატო, უბედნიერესი ადამიანი ვარ, მსოფლიო ჩემპიონი ჩემი საყვარელი ხალხის წინაშე გავხდი. ყველა ქართველ სპორტსმენს ვუსურვებ ასეთ წარმატებას და ბავშვებს ვეტყვი, იშრომონ ბევრი. ამ წარმატების უკან ძალიან დიდი შრომაა, ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი.
კარიერის მანძილზე ბევრი დაბრკოლება შემხვდა, მაგრამ არასდროს დავნებებულვარ. ასაკი არის მხოლოდ ციფრები. ვულოცავ ჩემს თავს და საქართველოს ამ გამარჯვებას. ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ არის, ეს მთლიანად საქართველოს გამარჯვებაა“, – განაცხადა ბაზაძემ.
31 წლის ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატი კარიერაში პირველად მოიგო. ის აქამდე პლანეტის პირველობის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს ფლობდა.
ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს დედაქალაქში 22 ივლისს დაიწყო. ტურნირის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი წარმოგიდგენთ.
0
0