19/09/2024
14:09
ეკონომიკა
უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს, რომლის ფარგლებშიც შევისყიდით ვაზიანის აეროპორტის გენერალური გეგმის პროექტს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვაზიანის პროექტის დაგეგმარებაში ინტერესი მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა გამოხატეს.
„იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომ საქართველოს ჰქონდეს ღირსეული, ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გათვლილი იქნება 20 მლნ-მდე მგზავრთნაკადზე. ჩვენ უკვე გვაქვს დაწყებული სამუშაოები იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში პირველი ნაბიჯები გადავდგათ ახალი აეროპორტის დაგეგმარებისა თუ შემდგომში უკვე მშენებლობის კუთხით. უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს, რომლის ფარგლებშიც შევისყიდით აეროპორტის გენერალური გეგმის პროექტს.
ძალიან სასიხარულოა და შემიძლია ვთქვა, რომ პირველადად გამოკვეთილია ძალიან დიდი ინტერესი საერთაშორისო, ვიტყოდი, მსოფლიოში წამყვანი კომპანიების მხრიდან, რომელთაც აქვთ ინტერესი, რომ ჩაერთონ ვაზიანის პროექტის დაგეგმარებაში და ჩვენ, რა თქმა უნდა არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ამ პროექტში ჩართული გვეყოლება მსოფლიოში წამყვანი საავიაციო და არასაავიაციო კომპანიები, რომლებთან ერთადაც დავგეგმავთ ისეთ აეროპორტს, რომელიც იქნება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის ტრანზიტულ-ლოგისტიკური ფუნქციის როლს“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
0
0