
„ვერასდროს დაბრუნდება ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში. ვერ დაბრუნდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური განაჩენი გამოტანილია, არამედ იმიტომაც, რომ სამართლებრივი განაჩენიც აუცილებლად დადგება," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა.
სოზარ სუბარმა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი ქართველთა გენოციდადაც კი შეაფასა და დასტურად ის სასტიკი მაგალითები მოიყვანა, რასაც საპატიმროებში ჰქონდა ადგილი.
„ქართველების გენოციდი იყო ის, რაც ხდებოდა ციხეებში C ჰეპატიტთან და ტუბერკულოზთან დაკავშირებით, როცა ციხეებში ყოველწლიურად მხოლოდ ტუბერკულოზით ორი ათასზე მეტი პატიმარი ავადდებოდა. ამ დაავადებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ქრონიკული ტუბერკულოზის მქონე, რომელიც უბრალოდ არ იკურნება და არც ისინი იკურნებიან, ვინც მათგან დაავადდება. ხშირი იყო შემთხვევა, როცა ქრონიკული ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანს შეგნებულად სვამდნენ საკანში, სადაც დაახლოებით 100-120 კაცი იყო, რომ სხვებიც დაავადებულიყვნენ. ტუბერკულოზის გადადების საფრთხე კი, C ჰეპატიტისგან განსხვავებით, ბევრად მაღალია," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მანვე კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად დასცინიან და აბუჩად იგდებენ იმ პირებს, ვინც კომისიის წინაშე მათ თავს დატრიალებულ ტრაგედიებზე ყვებიან. „ასე ცინიკურად რომ ეპყრობიან ადამიანების სიცოცხლეს, იმ ადამიანების სატკივარს, რომლებიც იქ მოდიან და თავიანთ ისტორიებს ჰყვებიან, ამიტომაც არის, რომ ვერასდროს დაბრუნდება ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში. თუმცა, ვერ დაბრუნდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური განაჩენი გამოტანილია, არამედ იმიტომაც, რომ სამართლებრივი განაჩენიც აუცილებლად დადგება," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ვიცე-სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომისიის დასკვნა გახდება ნაციონალური მოძრაობის გასამართლების საფუძველი. „დასკვნა, რომელიც დაიწერება, გადაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ რეჟიმს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება. არა მხოლოდ იმ კონკრეტულ პარტიას, რომელიც მაშინ მართავდა ქვეყანას, არამედ მის ყველა ანასხლეტს.
ვინც ამბობს, თითქოს პოლიტიკური პარტიის აკრძალვა არადემოკრატიულია, უნდა შევახსენო, რომ 150-ზე მეტი პარტია აიკრძალა უკანასკნელი სამი ათეული წლის განმავლობაში ევროპაში და რომელიმე ერთ პარტიას კი არა, ყველას ერთად აღებულს არ აქვს იმდენი დანაშაული ჩადენილი თავისი ერისა და სახელმწიფოს წინაშე, რამდენიც ნაციონალურ მოძრაობას, იქნება ეს საპატიმროების ეპიზოდი, საკუთრების უფლების დარღვევა თუ ტერიტორიების გასხვისება.
ზოგადად, არ ვაკეთებ სალომე ზურაბიშვილის ციტირებას, მაგრამ ხშირად მახსენსება მისი სიტყვები, რომ მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან შეთანხმებით, აბსოლუტურად შეგნებულად წამოიწყო რუსეთთან ომი და ასევე შეგნებულად გადასცა რუსეთს ტერიტორიები, საქართველოს ძირძველი ტერიტორიის 20% - 111 სოფელი ცხინვალის რეგიონში და 30-ზე მეტი სოფელი კოდორის ხეობაში. ამ სოფლებს, საქართველოს შუაგულს - ცხინვალის რეგიონს და საქართველოს ულამაზეს მხარეს - კოდორის ხეობას, უწოდა მან ქვაღორღიანი ადგილები, რომელსაც ფასი არ აქვს. სამშობლოს განცდა რომ არ აქვს არც სააკაშვილს და არცერთ ნაციონალს, ეს ჩანს მათ ამ შეფასებაში; იმაშიც, თუ როგორ ადვილად თმობენ საქართველოს მოქალაქეობას, რათა რომელიმე უცხო ქვეყანაში მიიღონ რაიმე თანამდებობა; ჩანს მათ დამოკიდებულებაში სამშობლოს მიმართ. ტერმინ „სამშობლოს“ ებრძოდნენ და აკრძალული ჰქონდათ. იმიტომ, რომ ეს მათი სამშობლო არ არის. ამიტომ არიან ისინი უსამშობლოები. არც ის მოხდა შემთხვევით, რომ ნაციონალებმა სამშობლოს ღალატი ამოიღეს სისხლის სამართლის კოდექსიდან (ჩვენ ეს ფორმულირება დავაბრუნეთ). ამოიღეს იმიტომ, რომ მათთვის ეს ცნება არ არსებობს. როცა სამშობლო არა გაქვს სამშობლოსაც ვერ უღალატებ," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
0
0