13/07/2023
13:40
მსოფლიო
Twitter-ის ადამიანური რესურსების ყოფილმა უფროსმა კორტნი მაკმილიანმა კომპანია დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარის გადაუხდელობაში დაადანაშაულა. აღნიშნული თანხა, ანაზღაურების სახით, გათვალისწინებული იყო კომპანიის ყოფილი თანამშრომლებისთვის.
კორტნი მაკმილიანმა სასამართლოში კოლექტიური სარჩელი შეიტანა. საჩივარში ნათქვამია, რომ Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა (როდესაც მან Twitter-ი 44 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა) წინასწარ შეიმუშავა ათასობით თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების გეგმა, მაგრამ მან თავი შეიკავა "ხარჯისგან" - მათთვის ანაზღაურების გადახდისგან.
სან-ფრანცისკოს ფედერალურ სასამართლოში შეტანილი საჩივრის თანახმად, Twitter-ის პერსონალის გათავისუფლების გეგმის მიხედვით, თანამშრომლებს, მათ შორის კორტნი მაკმილიანს, უნდა მიეღო, მინიმუმ, ორი თვის საბაზისო ხელფასი და ჯანმრთელობის დაზღვევით გათვალისწინებული თანხა, სხვა შეღავათებთან ერთად. მაგრამ თანამშრომლებმა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, "მაქსიმუმ", სამი თვის ანაზღაურება მიიღეს. საჩივრის თანახმად, ეს მოიცავდა ცალკეულად ერთი თვის ანაზღაურებას, ასევე ორთვიან ანაზღაურებას აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლებისთვის გათავისუფლების შესახებ წინასწარი შეტყობინების მიწოდებას.
თანამშრომლებისთვის გამოყოფილი უნდა ყოფილიყო სულ, $500 მილიონი.
Twitter-ს, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი აღარ აქვს, კომენტარი არ გაუკეთებია.
ილონ მასკმა, ნოემბერში თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ პერსონალი 3 თვის ანაზღაურებას მიიღებდა, „50%-ით მეტს, ვიდრე კანონიერად ეკუთვნოდათ“.
მასკს ასევე ბრალს დებენ თანამშრომლების შეცდომაში შეყვანაში იმის თაობაზე, რომ კომპანია შეასრულებდა თუ არა გეგმას, ზოგიერთი მათგანი სამსახურში განსაზღვრულ დროზე მეტ ხანსაც კი დარჩებოდა.
0
0