
თვითმმართველობის არჩევნებზე რა წინააღმდეგობის გაწევაზეა საუბარი, როდესაც ვერ შეთანხმებულან, ვინ ეყოლებათ კანდიდატები და ერთმანეთში აქვთ დაპირისპირება. მათ მიღებული აქვთ დავალება, რომ უნდა გაიმიჯნოს ძველი „ნაცონალური მოძრაობა“ და ლელოელი და გახარიელი „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტებისთვის თავიანთი პროგრამის შეთავაზებაც არ შეუძლიათ.
„მათ ამომრჩევლებს მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდნენ, ვის აძლევენ ხმას. წესით, ამ პარტიის მხარდაჭერაც კი მიუღებელი უნდა იყოს ქვეყნის მოყვარული ადამიანისთვის“, – განაცხადა გორდულაძემ.
ამასთან, გორდულაძეს კითხვა დაუსვეს „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, მას სურს, საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი იყოს.
„საქართველოს დედაქალაქი თბილისია. დედაქალაქი არის, იყო და იქნება თბილისი. დიდი პატივისცემა ქუთაისს და ქუთაისლებს, ქალაქს, რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია და კულტურა. კულტურის სფეროს წარმომადგენლები რომ არ ჩამოსულიყვნენ თბილისში, თბილისის კულტურულ ნაწილსაც ძალიან დიდი პრობლემა ექნებოდა, ცისფერყანწელებით დაწყებული და გალაკტიონით გაგრძელებული და დასრულებული. კონკრეტული ადამიანი რა განცხადებას გააკეთებს, არ ვიცი. ჩვენთვის ყველა მუნიციპალიტეტი უმთავრესი და მნიშვნელოვანია. ყველა მუნიციპალიტეტს შორის განსაკუთრებული როლი ჩვენს დედაქალაქს, თბილისს აქვს“, – განაცხადა გორდულაძემ.
0
0