28/11/2024
16:12
სოც-ქსელები
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საუბარი იმაზე, რომ 4 წელიწადში მთლიანი შიდა პროდუქტი 40 მილიარდი ლარით გაიზრდება, „რეალურად, მანიპულაციაა“. ამის შესახებ ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის განმარტავს, აქედან თითქმის ნახევარი, „19.1 მილიარდი ლარი, ფასების ზრდის შედეგია და არა წარმოების და დამატებული ღირებულების ზრდის“.
„თვითმარქვიებს ვუსმენ, უბრალოდ ტყუილების კორიანტელი დააყენეს ამ გამოკეტილ ოთახში შეგროვილმა ადამიანებმა:
აი რატომ: როცა „ქართული ოცნება“ 4 წელიწადში მთლიანი შიდა პროდუქტის 40 მილიარდი ლარით ზრდაზე საუბრობს, ეს რეალურად, მანიპულაციაა.
ეკონომიკის ზომა ნომინალურ გამოხატულებში, ბუნებრივია, მაღალ ზრდას აჩვენებს, როცა ფასები მნიშვნელოვნად იზრდება. აღნიშნული 40 მილიარდი ლარით ეკონომიკის ზრდიდან თითქმის ნახევარი - 19.1 მილიარდი ლარი, სწორედ ფასების ზრდის შედეგია და არა წარმოების და დამატებული ღირებულების ზრდის. ანუ ამ ტყუილში, ჩვენი მოსახლეობის კისერზე გადავლილი ინფლაციაა ჩამალული, რომელსაც ახლა ესენი იკვეხნიან.
2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ორნიშნა ინფლაციის დონეც დაფიქსირდა. ცალკე თემაა მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელთა შემოსავლები არც გაზრდილა და მათი მსყიდველუნარიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. რატომ? იმიტომ, რომ მოსახლეობის 40% 700-800 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებს და ფასები ორმაგად იზრდება. ეს არის რეალობა!“,- წერს ბექა ლილუაშვილი.
0
0