
თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლებულთა ნაწილი თბილისის მერიასთან აქციას მართავს. ისინი მათი გამოსახლების პროცესს აპროტესტებენ.
როგორც გამოსახლებულები განმარტავენ, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას და ოჯახების გამოსახლებასა და მათ სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით მერთან საუბარს მოითხოვენ.
გამოსახლებულებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერები სხვადასხვა წარწერით. კერძოდ, „საქართველოს საკმარისი ბიუჯეტი აქვს, რომ ბავშვები ქუჩაში არ იზრდებოდნენ“, „ყველა ბავშვი იმსახურებს საცხოვრებელს“, „ღირსეული პირობები დევნილებისთვის“ და ა.შ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.
ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახის განსახლება 24 ივლისს მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება პოლიციასთან, რა დროსაც სამართალდამცავებმა, ჯამში, 17 ადამიანი დააკავეს.
0
0