
თვალჭრელიძის N1-ში მცხოვრები ეკა გვრიტიშვილი აცხადებს, რომ მისი ოჯახისთვის ალტერნატივის სახით არაფერი შეუთავაზებიათ.
მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენელთან გასაუბრება სურთ.
„არანაირი შეთავაზება არ ყოფილა არც ჩემთან, არც ჩემი ოჯახის წევრთან, არანაირი დაპირება. ალტერნატივის სახით არაფერი შემოუთავაზებიათ არც წარმომადგენელს და არც წარმომადგენლის წარმომადგენელს. პირველ რიგში, გვსურს, გავესაუბროთ კომპანიის წარმომადგენელს, რადგან ხალხთან არ ჩნდება. საჯარო ინტერვიუს აძლევს, რომ ხალხი ითხოვს 200-300 კვადრატს და ამის შესაძლებლობა არ აქვთ. არადა, ხალხი ითხოვს ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს, რათა თავის ქვეყანაში თავი იგრძნოს ადამიანად. არ ვიცი, აზრი აქვს თუ არა ამათთან ლაპარაკს. ეს კერძო საკუთრება უკვე აღარ არის, ვფიქრობ, აქ მთავრობა არის ჩარეული. მე რომ რაღაც გამიჭირდეს, ამდენ პოლიციას, სახანძროს, სამაშველოს არავინ გამომიგზავნის. შესაბამისად, მგონია, რომ ეს არის მთავრობის. უბრალოდ, მიაწერეს კერძო პირს, რომ მთავრობას არაფერი მოსთხოვოს ხალხმა. პირველ რიგში, მაინტერესებს, თუ ასეთი მდგომარეობა იყო, რატომ მისცეს ხალხს უფლება, შემოსულიყო და ამდენი გაეკეთებინა. მაშინ გადაეკეტათ, დაეყენებინათ პატრული, არ მიეცათ ხალხისთვის ამდენი წვალების უფლება, ამდენი ფინანსები დახარჯა ხალხმა, ვალები დაედოთ და იმას ფიქრობენ, როგორ გადაიხადონ. ვფიქრობდით, რაღაც ალტერნატივას მაინც შემოგვთავაზებდნენ, თუნდაც შავ კარკასს სადმე, რომ ისევ დავიწყოთ ნულიდან, მაგრამ არაფერი. ქირას რამდენ ხანს გადაიხდიან, სამი თვე და შემდეგ ისევ არაფერი? ჩემს შემთხვევაში საერთოდ არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა და რომ გავესაუბრებით, შემდეგ გეტყვით“, – განაცხადა ეკა გვრიტიშვილმა.
ამასთან, თვალჭრელიძის N1-ში მცხოვრები კიდევ ერთი პირი, მზევინარ აბაშვილი აცხადებს, რომ ქირა შესთავაზეს, თუმცა ამაზე თანახმა არ არის.
„თურმე დააკმაყოფილეს ოჯახები და ამის შესახებ ტელევიზიიდან ვიგებ. შემდეგ მოდიან დევნილთა სამინისტროდან, 50 ათასი ლარით ვყოფილვარ დაკმაყოფილებული და ამას გუშინ ვიგებ. ჯერ ჩემთვის ცნობილი არ არის, ვინ დააკმაყოფილეს. გუშინ შემომთავაზეს ქირა 700 ლარის ფარგლებში, რაზეც უარი განვაცხადე, რადგან ისედაც ქირით ვიყავი და არ მაწყობს. 3-4 თვის შემდეგ რა გავაკეთო, ისევ ქირაზე დავჯდე? რით ვიხადო, ისევ სოციალურით? ისედაც ვალებში ვართ. არ ვარ თანახმა ქირაზე. არაფერს ვითხოვ ისეთს. მე, როგორც თბილისში დაბადებული, გაზრდილი, მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ადამიანი მოვითხოვ, დაგვაკმაყოფილონ ბინით. არ გვეხალისება ამნაირ პირობებში ცხოვრება. ასე მითხრეს, შვილებს ფარად იყენებო. სად არიან ჩემი შვილები, რომ ფარად გამოვიყენო? ნამდვილად არ მსურს, ჩემი შვილები ფარად გამოვიყენო და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოვახდინო. აქ ყველა ვართ უსახლკარო, არ გვაქვს წასასვლელი. კომენტარებში წერენ, ბინები მიიღეს და გაყიდესო. მე არც მიმიღია, არც მოუციათ, თითქმის 25 წელია, ვარ უმისამართო. არჩევნები რომ მოდის, დღესაც არ ვიცი, ჩემი ბიულეტენი სად მიდის, ვისთან მიდის ჩემი ხმა. არ ვიცი, რადგან მე ვარ უმისამართო და ჩემ ხმას ვერ ვიცავ. დამინიშნონ მისამართი, რომ ხმა მივცე, როგორც მოქალაქემ. მაგის უფლებაც არ მაქვს, რომ ჩემს ქვეყანაში არჩევნებში მივიდე და მონაწილეობა მივიღო“, – განაცხადა მზევინარ აბაშვილი.
0
0