თვალბუდის ძვალია ჩამტვრეული, ასევე დამტვრეულია ზედა ყბა,- ამის შესახებ „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, რომელიც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
მისივე თქმით, ჰემატომები აღენიშნება თავზე.
„რაც შეეხება ოპერაციას, თვალბუდის ძვალია ჩამტვრეული, ასევე დამტვრეულია ზედა ყბა. სერიოზული ჰემატომები მაქვს თავზე. ტვინის შერყევა საკმაოდ მძიმე ფორმის. ჩამიდგეს "პლასტინა" ოპერაციის შედეგად“, - აღნიშნა ქაცარავამ.
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში განმარტავენ, რომ „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრის, დავით ქაცარავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„დავით ქაცარავა კლინიკაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გუშინ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. სტაციონარშია მოთავსებული, 2 დღე კვლავ კლინიკაში დარჩება“,- აღნიშნავენ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში .
ცნობისთვის, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. მეუღლის ინფორმაციით, გუშინ, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის დროს, დავით ქაცარავას დაკავებისას სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
0
0