14/02/2023
13:48
მსოფლიო
თურქეთის პროვინცია ჰატაიში, რომელიც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიწისძვრების შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული აღმოჩნდა, იპოვეს ქალაქი, სადაც არც ერთი შენობა არ ჩამოინგრა.
ამის შესახებ თურქულ ტელეარხ TV5-ს ქალაქის მერმა ერზინ ოკეშ ელმასოღლუმ განუცხადა. მან აღნიშნა, რომ შენობები არ არის დანგრეული, მაგრამ დაზიანებულია.
მერის თქმით, 42 ათასი მოსახლეობით ერზინი არა მარტო გადარჩა, არამედ ადამიანური მსხვერპლიც აირიდა. მიწისძვრის შედეგად არც ერთი ადგილობრივი მცხოვრები არ დაიღუპა.
ამავდროულად, სტიქიის შედეგად სერიოზულად დაზარალდა ახლომდებარე ქალაქები ოსმანიე (20 კმ ჩრდილოეთით), ჰატაი (სამხრეთით 110 კმ) და სხვა.
მერმა ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ კატეგორიულად კრძალავს სამშენებლო სტანდარტების დარღვევას. ელმასოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიცენზიის გარეშე აშენების უფლებას მის ახლობლებსაც კი არ აძლევდა და შენობებში სამშენებლო სტანდარტები დეტალურად არის შემოწმებული. მშენებლებმა და ქალაქის მაცხოვრებლებმა მას ამის გამო საყვედურობდნენ, თუმცა 44 წლის მერი ზეწოლას არ დანებდა.
„ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო წარმოდგენები მაქვს - არანაირი უკანონო მშენებლობა. რა თქმა უნდა, ადამიანები ყოველთვის პოულობენ მშენებლობის გზას ნებართვისა და ზედამხედველობის გარეშე, მაგრამ მაშინაც კი, თუ მისი 100%-ით პრევენცია შეუძლებელია, შესაძლებელია მასშტაბის შემცირება. კომპრომისზე არ წავედი და ეს დამიჯდა ბევრ ჩხუბად უამრავ ადამიანთან, მაგრამ ჩემი სინდისი სუფთაა“, - თქვა ელმასოღლუმ.
დამანგრეველი მიწისძვრები, რომელთა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდას მიაღწია, 6 თებერვალს ღამით მოხდა. თურქეთსა და სირიაში ათასობით შენობა განადგურდა. ანკარამ მიწისძვრის ძალა 500 ატომური ბომბის აფეთქებას შეადარა. შედეგების აღმოფხვრაში ათიათასობით ადამიანი მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნიდან. სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა მიწისძვრის შედეგად თურქეთს მიყენებული ზიანი 4 მილიარდ დოლარად შეაფასა.
0
0