
თურქეთში, მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს ქ. გაზიანტებში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის ი.პ. გარდაცვალების შესახებ“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს უკვე საქართველოს მე-5 მოქალაქეა, რომელიც თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ემსხვერპლა.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.
ჯამში თურქეთში მიწისძვრას საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა.
0
0