
თურქეთში ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ფარგლებში რკინიგზის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
მათივე ცნობით, 224 კილომეტრიანი რკინიგზის ხაზის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ ესწრებოდა.
საუბარია ყარსი-იღდირი-არალიკი-დილუჯუს სარკინიგზო ხაზზე, რომელიც თურქეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ყარსს აზერბაიჯანის ნახჭევანის რესპუბლიკასთან დააკავშირებს.
როგორც თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რკინიგზა ყოველწლიურად უზრუნველყოფს ხუთი მილიონი მგზავრის გადაყვანას და 15 მილიონი ტვირთის გადაზიდვას.
მისივე თქმით, რკინიგზის მშენებლობა 2029 წლის ბოლოს დასრულდება.
„ამ რკინიგზის მშენებლობის დაწყებით ჩვენ პირველ კონკრეტულ ნაბიჯს ვდგამთ ე.წ. ზანგეზურის დერეფნის შექმნის გზაზე“, – განაცხადა ურალოღლუმ.
მინისტრის განცხადებით, პროექტის ღირებულება 2,4 მილიარდ ევროდ არის შეფასებული და ის საგარეო ვალის ხარჯზე დაფინანსდება.
ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ფარგლებში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაგეგმილია 150 კილომეტრის სიგრძის რკინიგზის რეკონსტრუქცია და 20 კილომეტრიანი ხაზის მშენებლობა. თურქეთის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ პროექტის ფარგლებში სამუშაოები თურქეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ერთდროულად დასრულდება.
„დღეს ჩვენ სავსე ვართ აღუწერელი სიხარულითა და სიამაყით, როდესაც ვაღებთ ზანგეზურის დერეფნის კარებს, რაც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კეთილდღეობის ახალ ეპოქას დაიწყებს“, – განაცხადა აბდულქადირ ურალოღლუმ.
0
0