
თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვარი სომხეთში 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისა და ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ გაიხსნება. ამის შესახებ თურქეთში აზერბაიჯანის ელჩმა, რაშად მამედოვმა თურქულ გაზეთ Cumhuriyet-თან ინტერვიუში განაცხადა.
ელჩმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მუდმივ კონტაქტზეა თურქეთთან და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების პარალელურად, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესიც გრძელდება.
მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ 7 ივნისს სომხეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კონსტიტუციური ცვლილებების გზით, „სომხეთის კონსტიტუცია აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს აღმოფხვრის“.
რაშად მამედოვმა ასევე განაცხადა, რომ ამის შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება, რომელიც აშშ-ში შეთანხმდა. აზერბაიჯანელი დიპლომატის თქმით, ამ პროცესის დასრულების შემდეგ, სომხეთ-თურქეთის და მოგვიანებით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრებიც გაიხსნება.
0
0