
ჩინეთიდან თურქეთში „შუა დერეფნის“ მარშრუტით ჩინეთ-ევროპის სატვირთო მატარებლების მგზავრობის დრო 15 დღემდე შემცირდა. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ენვერ ისკურტმა, სტამბოლში, მატარებლების დახვედრისა და გაგზავნის ცერემონიაზე განაცხადა.
ღონისძიების ფარგლებში, ჩინეთიდან ჩასული ორი სატვირთო მატარებელი სტამბოლიდან პოლონეთის (ლოძი) და უნგრეთის (ბუდაპეშტი) მიმართულებით გაემგზავრა.
„ერთ-ერთი მატარებელი ჩენდუდან დაიძრა, რომელმაც სინძიანის ალატავის უღელტეხილის გავლით, „შუა დერეფნის“ მარშრუტით 508 ტონა ტვირთი გადაიტანა და თურქეთში, ყარსში ჩავიდა. დროის 15 დღემდე შემცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩინეთის, თურქეთისა და ევროპისთვის“, – განაცხადა თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
ისკურტმა ხაზი გაუსვა, რომ შემდეგი მიზანია ალატავსა და ყარსს შორის მგზავრობის დროის 10 დღემდე შემცირება.
„შუა დერეფანი“ მულტიმოდალური მარშრუტია, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით აკავშირებს.
0
0