14/02/2023
21:22
მსოფლიო
თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვმა 41 000-ს გადააჭარბა.
ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებში მიწისძვრის შედეგად დაშავებული 13 208 მკურნალობს.
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა პირობა დადო, რომ მიწისძვრის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ ნანგრევებიდან ბოლო ადამიანს არ ამოიყვანენ.
ამასთან, Reuters-ი სირიის სახელმწიფო მედიისა და გაეროს სააგენტოზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სირიაში მიწისძვრას 5814-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
გაეროს ცნობით, სირიაში თითქმის ცხრა მილიონი ადამიანი დაზარალდა მიწისძვრის შედეგად.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.
0
0