15/02/2023
01:18
მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე არსებობს. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლიგემ გააკეთა.
„სტიქიური უბედურების ზონაში წყლისა და კანალიზაციის სისტემა სერიოზულად არის დაზიანებული. ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგანაც ჩნდება საფრთხე, რომ წყლით გადამდები და ინფექციური დაავადებები გავრცელდეს“, – განაცხადა თურქეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ბათირ ბერდიკლიჩევმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე შიშობენ, რომ თურქეთსა და სირიაში მაღალია სეზონური გრიპებისა და კოვიდინფექციის ეპიდემიის რისკიც.
სპეციალისტების თქმით, თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული დახმარება 26 მილიონ ადამიანს სჭირდება. მათგან მილიონი ადამიანი თურქეთში სახლ-კარის გარეშე დარჩა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ევროპის რეგიონში მსგავსი მასშტაბის სტიქიური უბედურება ერთი საუკუნეა არ მომხდარა. ორგანიზაციამ უკვე მოუწოდა დონორებს თურქეთსა და სირიაში დაზარალებულების დასახმარებლად 34 მილიონი დოლარის მობილიზება მოახდინოს.
0
0