16/11/2023
20:13
მსოფლიო
თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე გადაწყვიტა, გადაედო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანების ოქმის დამტკიცება „საკითხში სიცხადის ნაკლებობის გამო“. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.
პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბურიაკ აქჩაფარმა ისაუბრა. მისი თქმით, შვედეთის ნატოში შესვლა „გააძლიერებს ევროატლანტიკურ რეგიონს“ და „წვლილს შეიტანს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში“.
აქჩაფარმა დასძინა, რომ შვედეთმა უნდა წარუდგინოს თურქეთს „საგზაო რუკა, რომელიც შეიცავს მათ პასუხისმგებლობებს და ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადადგას“ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.
განხილვის შემდეგ, კომიტეტმა, მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის დეპუტატების წინადადებით, გადაწყვიტა გადაედო შვედეთის ნატოში გაწევრიანების დამტკიცება „განხილულ საკითხთან დაკავშირებით სიცხადის ნაკლებობისა და მოლაპარაკებების არასაკმარისი სიმწიფის გამო“.
როდის გაიმართება შემდეგი დისკუსია, უცნობია.
როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ თვეში, რამდენიმეთვიანი შეფერხების შემდეგ, შვედეთის ნატოში გაწევრიანების ოქმი ქვეყნის პარლამენტს რატიფიკაციისთვის გაუგზავნა.
0
0