23/12/2022
22:25
ეკონომიკა
თურქეთის მთავრობამ მორიგი არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო - პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქვეყნის მასშტაბით მინიმალური ხელფასი 55%-ით გაზარდა.
ერდოღანის განცხადებით, მომავალი წლიდან თურქეთში მინიმალური ხელფასის მოცულობა 8,500 ლირამდე გაიზრდება, რაც ამჟამინდელი გაცვლითი კურსით 455 დოლარის ეკვივალენტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის მოსახლეობის 30% მინიმალურ ხელფასზე მუშაობს, შესაბამისად, ახალი რეგულაცია ბიზნესებისა და კომპანიების საკმაოდ დიდ ნაწილს შეეხება.
ექსპერტების შეფასებით, ერდოღანის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია 2023 წლის ივნისში დაგეგმილ არჩევნებთან, რადგან მინიმალური ხელფასის ზრდა იმ პოპულისტურ ქმედებათა შორისაა, რომელსაც თურქეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭერს მხარს.
ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში ინფლაციის დონე 85%-იან ნიშნულზეა, რაც 25 წლის რეკორდია, თუმცა ეკონომისტთა ნაწილი არ იზიარებს სტატისტიკის სამსახურის მიერ გასაჯაროებულ მონაცემებს და მიიჩნევს, რომ რეალური ინფლაცია ქვეყანაში 180-200%-ს აღწევს.
სავარაუდოდ, მინიმალური ხელფასის ზრდა ინფლაციის დაჩქარებას და ეროვნული ვალუტის დამატებით გაუფასურებას გამოიწვევს, რასაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე საპირისპირო გავლენა ექნება.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024