
თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2008 წლიდან გვაქვს წარმატებული მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ერთობლივად ვმუშაობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, ომერ ბოლატმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი ელოდება ქართული ინვესტიციებს ქვეყნის ტურიზმის მიმართულებით.
„უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო მასპინძელს, საქართველოს მთავრობას და ეკონომიკის მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს წარმატებული ორგანიზებისთვის. საქართველო, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი სავაჭრო ფორუმი კასპიის რეგიონის ორმაგ ფორუმს წარმოადგენს. მახარებს ბიზნეს სექტორის ძლიერი მონაწილეობა სამი მეზობელი, მეგობრული ქვეყნიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2008 წლიდან გვაქვს წარმატებული მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ერთობლივად ვმუშაობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და მომსახურების სფეროებში, მათ შორის საავიაციო და საპორტო ოპერაციებში“, – განაცხადა ომერ ბოლატმა.
მისი თქმით, საქართველოსა და თურქეთს შორის ფართო ეკონომიკური ურთიერთობებია, ორივე ქვეყნის მთავრობები, ბიზნეს სექტორი აქტიურად მუშაობენ სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაძლიერებაზე.
„გასულ წელს, სავაჭრო ბრუნვამ 3,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მოკლევადიანი მიზანი ხუთი მილიარდია. თურქული პირდაპირი ინვესტიციები საქართველოში 2,2 მილიარდ დოლარს აღწევს ენერგეტიკის, ავიაციის, პორტების და სხვა სექტორებში. ჩვენი ინვესტორები სიამოვნებით არიან აქ, რათა წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. ასევე, ჩვენ ველით ქართული ინვესტიციების განხორციელებას თურქეთში ტურიზმის მიმართულებით. ტურიზმის კუთხითაც ყოველწლიურად იზრდება თურქი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. ასე რომ, ეს სამი ქვეყანა გაზრდის მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციას. ასეთი ბიზნესფორუმები, ხელს შეუწყობს ამ მიზნის სწრაფად მიღწევას“, – განაცხადა ომერ ბოლატმა.
0
0