03/05/2023
14:07
მსოფლიო
თურქეთმა დახურა თავისი საჰაერო სივრცე სომხური ავიახაზების თვითმფრინავებისთვის, რომლებიც დაფრინავენ მესამე ქვეყნებში. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
„ჩვენ დავხურეთ სომხეთს საჰაერო სივრცე მესამე ქვეყნებში ფრენებისთვის. საჭიროების შემთხვევაში თვითმფრინავებს ჩვენს ქვეყანაში შევუშვებთ, მაგრამ არ დავუშვებთ ლაინერებისა და კერძო თვითმფრინავების გავლას ჩვენს სივრცეში, სანამ პროვოკაციები გრძელდება (სომხიდან თურქეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ - რედ.). თუ ისინი არ შეაჩერებენ ამ პროვოკაციებს, მაშინ ჩვენ მივიღებთ სხვა ზომებს“ - განაცხადა მან NTV არხის ეთერში - იტყობინება TASS.
სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ჩავუშოღლუმ დაადასტურა, რომ ანკარას გადაწყვეტილება არის პასუხი ერევანში „ნემეზისის“ ოპერაციის მონაწილეთა ძეგლის გახსნაზე (სომხების გენოციდის ორგანიზატორების მიმართ შურისძიების აქტი).
„ჩვენ არ ვეთანხმებით მსგავს პროვოკაციებს. ტერორისტებისთვის ძეგლის გახსნის საპასუხოდ თურქეთმა სომხური თვითმფრინავებისთვის ცა დაკეტა. გამონაკლისის სახით ჩვენ გავეცით სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის თურქეთში ვიზიტის ნებართვა. თუ ასეთი ქმედებები გაგრძელდება, მოჰყვება ახალი ნაბიჯები“, - განაცხადა მინისტრმა.
მანამდე სომხეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ Flyone Armenia-მ განაცხადა, რომ ვერ გამოიყენებს თურქეთის საჰაერო სივრცეს სატრანზიტო ფრენებისთვის. გასული წლიდან ეს ავიაკომპანია ასევე ახორციელებს რეისებს ერევანი-სტამბოლი-ერევანი, ხოლო თურქული ავიაკომპანია Pegasus ახორციელებს ფრენებს სტამბოლი-ერევანი-სტამბოლი. ამ ფრენებს ჯერჯერობით არაფერი ემუქრება, წერს Radio Azatutyun.
0
0