27/02/2023
13:04
მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლება ამ ეტაპზე ვერ დაამტკიცებს შვედეთის ნატოში შესვლას, სანამ სტოკჰოლმი სრულად არ განახორციელებს მადრიდის შეთანხმებებს - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
„არის გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც აიღეს შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების განზრახვასთან დაკავშირებით. შვედეთის მხრიდან ჩვენ ვერ ვხედავთ ყველა ნაბიჯის განხორციელებას, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დავამტკიცებთ მის შემოსვლას ალიანსში“ - განაცხადა ჩავუშოღლუმ უნგრელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მან აღნიშნა, რომ შვედეთის ხელისუფლებამ შეასრულა მთელი რიგი ვალდებულებები, კერძოდ, ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთში ტერორისტულად აღიარებული ქურთისტანის მუშათა პარტია კვლავ აქტიურია ქვეყანაში.
ჩავუშოღლუს თქმით, სიტუაცია უფრო ნატოს პრობლემაა და ანკარას ორმხრივ ურთიერთობებში შვედეთისა და ფინეთის მიმართ სხვა პრეტენზია არ აქვს. დღეისათვის შვედეთისა და ფინეთის განაცხადები ნატოში არ არის რატიფიცირებული 30-დან მხოლოდ ორი ქვეყნის - უნგრეთისა და თურქეთის მიერ. თურქეთთან მოლაპარაკებები სკანდინავიური განაცხადის რატიფიცირებისთვის, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში განახლდება.
0
0