
,,7 დეკემბერს, თურქეთის, ირანის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დოჰაში შეხვედრას გამართავენ და სირიაში მეამბოხეების ,,მოულოდნელი“ წინსვლის შესახებ ისაუბრებენ,“ - განუცხადა Reuters-ს თურქულმა დიპლომატიურმა წყარომ.
წყაროს ინფორმაციით, სამი მინისტრი ერთმანეთს დოჰას ფორუმის ფარგლებში შეხვდება, თუმცა დეტალები ცნობილი არ არის.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა, ირანელ კოლეგასთან აბას არაყჩისთან ერთად ანკარაში მოლაპარაკებების შემდეგ, განაცხადა, რომ ასტანას სამშვიდობო პროცესის აღსადგენად ახალი ძალისხმევების გაწევა იქნება საჭირო. კონფლიქტის ხელახლა დაწყების შემდეგ, ანკარამ ბაშარ ალ-ასადს მოუწოდა, რომ პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის მიზნით, სირიელ ხალხთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს. ანკარამ არ დაადასტურა ამბოხებულთა ოპერაციაში რაიმე სახის მონაწილეობის მიღება და განაცხადა, რომ ქვეყნის საზღვრებთან ახალი მიგრანტების ტალღა არ სურს.
როგორც ცნობილია, სირიელმა ამბოხებულებმა ყველაზე დიდ წარმატებას, 13 წლის წინ, სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ მიაღწიეს, რამაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. წლების განმავლობაში ,,გაყინული ფრონტის“ მიღმა ჩაკეტვის შემდეგ, გასულ კვირას, ამბოხებულებმა ჩრდილოეთით მდებარე მთავარი ქალაქი ალეპო დაიპყრეს, შემდეგ კი სამხრეთით ჰამის ცენტრამდე მიაღწიეს და სტრატეგიული ცენტრალური ქალაქი პირველად დაიკავეს.
ასტანას სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, თურქეთი, რუსეთი და ირანი სამმხრივ ფორმატში რეგულარულად აწარმოებს მოლაპარაკებებს სირიის მომავალზე. ნატოს წევრი თურქეთი მხარს უჭერს პოლიტიკურ და შეიარაღებულ ოპოზიციას, რუსეთი და ირანი კი ასადს ემხრობა.
0
0