თურქეთმა განაცხადა, რომ გმობს, მიმდინარე კვირაში, შეერთებული შტატებისა და კვიპროსის რესპუბლიკის მიერ სამოქმედო გეგმის ხელმოწერას, რომელიც ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებს.
ეს ნაბიჯი გაეროს მცდელობას მოჰყვა - ეპოვა საერთო ენა ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე ბერძნულ და თურქულ-კვიპროსულ თემებს შორის გაჭიანურებული მოლაპარაკებების განახლების მიზნით.
„აშშ-ის ნაბიჯები, მათ შორის, გასული წლის განცხადება კვიპროსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყების შესახებ, საზიანოა კუნძულზე თურქული მხარის უსაფრთხოებისთვის. ეს დამოკიდებულება... ძირს უთხრის აშშ-ის ნეიტრალურ პოზიციას კუნძულ კვიპროსის მიმართ და ართულებს კვიპროსის საკითხის სამართლიანად გადაწყვეტას“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
9 სექტემბერს, შეერთებულმა შტატებმა და კვიპროსის საერთაშორისოდ აღიარებულმა რესპუბლიკამ ნიქოზიაში ხელი მოაწერეს თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას.
ერთობლივ განცხადებაში ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თავიანთი ვალდებულება, სამოქმედო გეგმის მეშვეობით, ითანამშრომლონ საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად. როგორც ცნობილია, 1974 წელს, კვიპროსი თურქეთის შემოსევის შედეგად ორად გაიყო. სამშვიდობო მოლაპარაკებები 2017 წლიდან შეჩერებულია. კვიპროსის თურქული მხარე სეპარატისტულ სახელმწიფოს მართავს კვიპროსის ჩრდილოეთით, რომელსაც მხოლოდ ანკარა აღიარებს.
0
0