
თურქეთი და საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყნებია რეგიონში, მათ სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობა აქვთ, როგორც ჩვენი პატარა რეგიონისთვის, ასევე გლობალურად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უკეთ შესრულდეს ის როლი, რაც საქართველოს და თურქეთს შეუძლია, შეასრულოს დიდი რეგიონისთვის.
„ჩვენ წარმატებული ისტორია გვაქვს ერთობლივი პროექტების განხორციელების, რომლებმაც ერთგვარად დადებითი მუხტი შესძინა, როგორც ჩვენს ურთიერთობებს, ასევე ჩვენს პოზიციონირებას. ეს დადებითი, კარგი გამოცდილება ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გამოვიყენოთ, რათა მჭიდროდ ვითანამმშრომლოთ სხვა უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია, რომ დიდ გეგმებზე გათვლით ვითანამშრომლოთ, გვქონდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით და განვახორციელოთ საინტერესო პროექტები. განსაკუთრებით, როდესაც საკითხი ეხება დაკავშირებადობას. ჩვენ ძალიან ვაფასებთ და გვჭირდება უშუალო მეზობლებთან ურთიერთობა, მათი მხარდაჭერა და პარტნიორობა. ამ მხრივ ნამდვილად სამაგალითოა ჩვენი თანამშრომლობა თურქეთის რესპუბლიკასთან, რასაც ძალიან ვაფასებთ და რაც უკვე ათწლეულებს ითვლის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობრობით, ჩვენი თანამშრომლობით კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ იმ შესაძლებლობებს, რაც თურქეთს და საქართველოს აქვთ დაკავშირებადობის და შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით. აქ ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის უმნიშვნელოვანესი რეგიონული როლი, რასაც ის თამაშობს რეგიონში. ამ მიმართულებით ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს კოლეგებთან და მეგობრებთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
0
0