
ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დამნაშავედ ცნო.
თურქი ბიზნესმენი მოსამართლემ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით მიუსაჯა.
თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს, დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა. გალიფ ოზთურქი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ოზთურქის ადვოკატის განცხადებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, რადგან გალიფ ოზთურქის უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ საქმეს მტკიცებულებებითა და მოწმეთა დაკითხვის შედეგად ბრალდებულის უდანაშაულობა იკვეთება.
„აღნიშნული გადაწყვეტილება, ცალმხრივი და ტენდენციურია. დადგენილ ვადებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და ვფიქრობთ, სტრასბურგის სასამართლოსაც მივმართოთ, სრულიად უდანაშაულო ადამიანს 8 წელი მიესაჯა”,- განაცხადა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.
გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან თურქი ბიზნესმენის ახლობლებიც.
მათი თქმით, გალიფ ოზთურქი ციხეში უკანონოდ იმყოფება.
საქმის პროკურორის, ლევან მურვანიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერი და სამართლიანია.
როგორც პროკურორი აცხადებს, ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედება უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდა.
ცნობისთვის, პროკურატურა თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა- მოხმარებას ედავებოდა. ამასთან, გალიფ ოზთურქს კიდევ ერთი ბრალდება აქვს, წარდგენილი რომელიც ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება. ადვოკატის თენგიზ კახიძის თქმით, აღნიშნული ბრალდების საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება.
0
0