
როკჯგუფმა Oasis-მა კონცერტების თარიღი დააანონსა, რომლებსაც მომავალ წელს დიდ ბრიტანეთში ჩაატარებს.
ჯგუფის ინფორმაციით, ბილეთების წინასწარ გაყიდვის შემდეგ, „უპრეცედენტო მოთხოვნის“ გამო ის დამატებით სამ კონცერტს ჩაატარებს. ახალი თარიღებია: 16 ივლისი - ჰიტონ პარკში, მანჩესტერი; 30 ივლისი - უემბლი, ლონდონი; 12 აგვისტო - მარეიფილდის სტადიონი, ედინბურგი. ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.
ლიამ და ნოელ გალაგერებმა ბენდის გაერთიანება დაადასტურეს. როგორც ცნობილია, Oasis-ი ნოელმა 15 წლის წინ დატოვა და ჯგუფი დაიშალა. ასევე როკჯგუფმა განაცხადა, რომ "მიუხედავად მედიის სპეკულაციისა, მომავალ წელს, Oasis-ი არ მიიღებს მონაწილეობას Glastonbury 2025-ში ან სხვა ფესტივალებში. როკჯგუფი მსმენელის წინაშე მხოლოდ "Oasis Live 25" ტურნეზე წარსდგება.
„ვარსკვლავები კვლავ გაერთიანდნენ. ჩვენ ეტაპობრივად გავაცნობიერეთ, რომ ამის დრო დადგა. დიდი ლოდინი დასრულდა. მოდით და თავად ნახეთ. ეს ტელევიზიით არ გადაიცემა,“ - ნათქვამია Oasis-ის განცხადებაში.
29 აგვისტოს Oasis-ის სადებიუტო ალბომის, Definitely Maybe-ს 30 წლის იუბილეა, რამაც მუსიკოსების თქმით, შესაძლოა "ქვეცნობიერი გავლენა" მოახდინა მათ გადაწყვეტილებაზე.
როკჯგუფმა ასევე დაადასტურა, რომ ევროპის ფარგლებს გარეთ ტურნეს მოწყობის გეგმებიც არსებობს, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია. ჯგუფის დაშლიდან 15 წლის შემდეგ, მათი ანონსის აღსანიშნავად, ძმები ერთად პირველად გადაიღეს. ფოტო გადაღებულია ივლისში, ლონდონში. უცნობია, მანამდეც შეხვდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს.
დეტალები, თუ ვინ შეუერთდება ტურნეზე Oasis-ს წინა შემადგენლობიდან ან მიიღებენ თუ არა კონცერტებში მონაწილეობას სხვა მუსიკოსები, ჯერ არ არის დადასტურებული. ასევე გალაგერებს არ უთქვამთ, იგეგმება თუ არა ახალი მუსიკალური ალბომის გამოშვება.
როკჯგუფის ფანებმა კონცერტების ჩატარების ლოკაციებზე არსებულ სასტუმროებში ფასების ზრდის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს. მანჩესტერში, მათ სასტუმროს ერთ-ერთ ქსელს ბრალი დასდეს კონცერტების დაანონსებამდე მიღებულ ჯავშნების გაუქმებასა და შემდგომ, სასტუმრო ნომრის უფრო გაძვირებაში.
0
0