
„მადონას მსოფლიო ტურნე, რომელიც მისი მუსიკალური ჰიტების 40 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება, დოკუმენტური ფილმი იქნება, რომელიც მომღერლის ხანგრძლივ კარიერას წარმოადგენს. მომღერალი 40-ზე მეტ სიმღერას შეასრულებს,“ - განაცხადა მადონას მუსიკალურმა ხელმძღვანელმა სტიუარტ პრაისმა BBC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„შოუ ემყარება 40-წლიან საარქივო კადრებს და სტუდიურ ჩანაწერებს, რომლებიც ვარსკვლავის ისტორიას მოგვითხრობს. ზაფხულში ჯანმრთელობის შერყევის შემდეგ, მადონამ სრულად აღიდგინა ენერგია. 65 წლის ადამიანი, რომელიც სცენაზე ასვლას აპირებს, არაჩვეულებრივად გამოიყურება და ჰიტებს საოცრად შეასრულებს. ბევრი ჰიტი სრულად შესრულდება, ზოგი სხვა სიმღერებში იქნება ინტერპოლირებული. აღსანიშნავია, რომ თავად მადონა - მისი პიროვნება, ასევე ურთიერთობა აუდიტორიასთან ყოველთვის დინამიურია.
როდესაც მადონამ მსოფლიო ტურნეს მოწყობის გეგმის შესახებ განაცხადა, მას დავურეკე, უბრალოდ, რომ მეთქვა: "გილოცავ, ვფიქრობ, ეს შესანიშნავი იდეაა. იმუშავე ამაზე...“,“ - აღნიშნა პრაისმა, რომელიც მადონასთან 2001 წლიდან თანამშრომლობს.
„ასე რომ, ორი კვირის შემდეგ ნიუ იორკში ჩავედი. იმ მომენტისთვის, მადონას უკვე ძალიან კარგად ჰქონდა შემუშავებული სცენარი შოუსთვის, რომელიც ასახავს ახალგაზრდა ქალის კარიერას, ნიუ-იორკში ცხოვრებას და სცენაზე ასასვლელად მომზადებას, დედობის პერიოდს, „სულიერ გამოღვიძებას“ და, საერთოდ, ყველაფერს, რაც მის აღმავლობასა და ვარდნას შეეხება.
შოუ დაფუძნებულია ახალი ამბების კადრებზე, კლასიკურ კოსტიუმებსა და მუსიკალურ ვიდეოებზე. მადონა განიხილავდა ბიოგრაფიული ფილმის გადაღებასაც, რამაც ამ ტურს დოკუმენტური ასპექტიც მიანიჭა. მადონას სამყაროში დეტალებიც მნიშვნელოვანია. ტურნე [„Celebration“] წარმოაჩენს მის მუდმივ წვლილს არა მხოლოდ პოპ მუსიკაში, არამედ კულტურაში,“ - თქვა პრაისმა.
ამერიკელი სუპერვარსკვლავი ივნისში, ნიუ-იორკში მდებარე საკუთარ ბინაში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მწვავე ბაქტერიული ინფექციის მკურნალობა ჩაუტარდა.
მოგვიანებით მომღერალმა განაცხადა, რომ მას "გაუმართლა, რომ ცოცხალია" და მსოფლიო ტურნეს მოწყობა ივლისიდან ოქტომბრამდე გადადო. პრემიერა ლონდონის O2 არენაზე 14 ოქტომბერს გაიმართება.
0
0