19/07/2023
13:23
ტურიზმი
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიაპლატფორმა „ბლუმბერგი“ (Bloomberg) მილიონობით მაყურებელსა და სოციალური ქსელების მომხმარებელს საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გააცნობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მასშტაბური კამპანია „ბლუმბერგზე“ წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში „ბლუმბერგი“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ღვინის, გასტრონომიის, ცხოვრების წესის (ე.წ. Lifestyle) შესახებ ორ ვიდეორგოლს განათავსებს, ამ მიზნით პოპულარული გადაცემის Sorted Food ორი წამყვანი საქართველოში იმოგზაურებს. კამპანიის ფარგლებში განთავსდება ვიდეორგოლი საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ.
მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში „ბლუმბერგი“ საქართველოს შესახებ ორ ახალ სტატიას გამოაქვეყნებს. საქართველოს შესახებ რეკლამა გავრცელდება სოციალურ მედიაში (Facebook, Twitter, Instagram, Youtube, TikTok).
„„ბლუმბერგის“ აუდიტორიის დიდი ნაწილი მაღალშემოსავლიანი ადამიანებისგან შედგება, კამპანიის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
0
0