
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ და მშვიდად ვეუბნებით ნატოში ჩვენს პარტნიორებს, შეგიძლიათ იფიქროთ რამდენიც გინდათ, როგორ აიცილოთ თავიდან რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება, მაგრამ თუ ახლა არ დაგვეხმარებით მის შეჩერებაში, მაშინ პირდაპირი დაპირისპირება გარდაუვალი იქნება, რადგან შემდეგი თქვენ იქნებით“, - განაცხადა კულებამ.
კულებამ აღნიშნა, ვისაც სჯერა, რომ რუსეთი ვერ გაბედავს ნატოს ქვეყნებზე თავდასხმას, უნდა ახსოვდეს, რომ მათ, ასევე, არ სჯეროდათ კრემლის გეგმების უკრაინასთან პირდაპირი ომის დაწყების შესახებ, მაგრამ ყველა შეცდა.
კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის თემა უკიდურესად აქტუალურია და არსებობს სხვადასხვა სცენარი - მაგალითად, შესაძლებელია არა მთელი საჰაერო სივრცის, არამედ მისი ნაწილის დახურვა, ან არ დაიხუროს საჰაერო სივრცე, მაგრამ უზრუნველყონ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო თვითმფრინავების და ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.
„ამჟამად ყველა სცენარი დამუშავების პროცესშია, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს და ჩვენ ნათლად ვეუბნებით ამას ჩვენს პარტნიორებს:
მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ, მაგრამ ახლა არის კონკრეტული საფრთხე, რომ ჩვენს მოქალაქეებს დახოცავენ ჰაერიდან. ამიტომ, თუ თქვენ არ გადადგამთ რადიკალურ ნაბიჯებს უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მაშინ ჩვენი დაღუპული მოქალაქეების სისხლი თქვენს კისერზე იქნება. თქვენი თავშეკავება და შემდგომი ნაბიჯების არგადადგმის სურვილი რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, დაუსჯელად განაგრძოს მკვლელობები“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ უკრაინის ცაზე უპილოტო ზონის შემოღება „არ არის საუკეთესო იდეა“, რადგან ეს შეერთებულ შტატებს რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩაითრევს.
0
0