23/12/2021
15:55
სამართალი
როგორც წიკლაური აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი კითხვებზე პასუხის გაცემას თავს ჯანმრთელობის მდგომარეობის მომიზეზებით არიდებს.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ეს გახლდათ ვიდეოკადრები და ამ ვიდეოკადრებით დასტურდება, რომ 7 ნოემბერს მოხდა და დაიგეგმა არა საპოლიციო დაშლის ღონისძიება, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ, არამედ ეს მძიმე კადრები ადასტურებს, რომ 7 ნოემბერს დაიგეგმა სადამსჯელო ღონისძიება. საქართველოს მოქალაქეები დასაჯეს, ძალადობრივად დაარბიეს მხოლოდ იმის გამო, რომ აღარ გაებედათ პროტესტის გამოხატვა და საპროტესტო აქციები. როცა ბრალდების მხარე საქმის საგნობრივ და შინაარსობრივი მხარის განხილვაზე გადადის, რატომღაც ბრალდებული სააკაშვილი ჯანმრთელობის მომიზეზებით უარს აცხადებს მონაწილეობის მიღებაზე. ნაცვლად იმისა, რომ მან ჩვენს შეკითხვებს პასუხი გასცეს თუნდაც, ამ ძალადობრივ კადრებზე, მან განცხადა, რომ ის არაფერ შუაშია, მერაბიშვილს გადააბრალა მთელი მისი დანაშაული და თქვა, დილით ტელევიზიით გავიგე აღნიშნული დარბევის შესახებო. ხომ უნდა გასცეს პასუხი, თუ მხოლოდ დილით ტელევიზიით გაიგო იმ დღეს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები, მაშინ, მან, როგორც პრეზიდენტმა, მეორე დღეს რატომ დააჯილდოვა უმაღლესი წოდებებით ფაქტობრივად ამ ძალადობის ყველა ორგანიზატორი მაღალჩინოსანი, თუ მას არ მოსწონებია დარბევის მძიმე შედეგები, რატომ მიანიჭა უმაღლესი წოდებები ამ ძალადობის ყველა ორგანიზატორს? როცა ამ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს, ის რატომღაც, თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. მიზეზი, თუ რატომ დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილმა ძალადობის ორგანიზატორები, გახლდათ შემდეგი - მათ კარგად შეასრულეს მათზე დაკისრებული დავალებები, კერძოდ, კარგად გაუწიეს ორგანიზება სადამსჯელო ღონისძიებას. როგორც ჩანს, ბრალდებულ სააკაშვილს მართლმსაჯულებაში მონაწილეობა ჰგონია სასამართლო დარბაზის გამოყენება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის. როცა შინაარსზე და საგნობრივ განხილვაზე გადადის ბრალდების მხარე, სამწუხაროდ, უარს აცხადებს ის მონაწილეობაზე და პასუხს ვერ სცემს ვერც ერთ ჩვენ შეკითხვას“, - განაცხადა წიკლაურმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.
0
0