10/01/2023
16:33
პოლიტიკა
“თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ქართველებს შეუძლიათ დაივიწყონ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება” - აცხადებს გენერალი ბენ ჰოჯესი "მთავარი არხთან" ინტერვიუში.
ჰოჯესის თქმით, მას არ ესმის რატომ არ დგას მტკიცედ საქართველო უკრაინის გვერდით მაშინ, როცა რუსეთი პატივს არ სცემს ქვეყნის სუვერენიტეტს:
"მე არ მესმის, რატომ არ დგას საქართველო 100%-ით მტკიცედ უკრაინის გვერდით. ჩვენ ვილაპარაკეთ საერთაშორისო წესრიგზე, რომელიც სუვერენიტეტის პატივისცემას გულისხმობს. რუსეთი პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს. მას ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და თუ უკრაინაში გაიმარჯვა, ქართველებს შეუძლიათ დაივიწყონ ტერიტორიების დაბრუნება. ასე, რომ გაიმარჯვებს თუ არა უკრაინა, ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია." ამბობს ჰოჯესი.
მისივე თქმით, ქართული ეკონომიკა დამოკიდებულია სხვა ქვეყნების ეკონომიკაზე, მათ შორის, შავი ზღვის საშუალებით და მნიშვნელოვანია, ეს სხვა ქვეყნები გრძნობდნენ საქართველოს მხრიდან საიმედო პარტნიორობას.
“რუსები უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ ყოველდღიურად, როდესაც მშვიდობიან ქალაქებს ბომბავენ. როგორ შეიძლება, საქართველო ამას ყოველდღიურად არ გმობდეს. საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და რუსეთის მხრიდან მანაც ძალიან იზარალა. როგორ შეიძლება, ამ ქვეყნის ხელისუფლება ყოველდღიურად არ ახსენებდეს ამას მსოფლიოს. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქ საუბარია ისტორიის სწორ მხარეს დგომაზე,” განაცხადა ჰოჯესმა.
ბენ ჰოჯესი "ქართული ოცნებისა" და მისი მხარდამჭერების რიტორიკას, თითქოს, აშშ საქართველოს ომში ითრევს, აბსურდს უწოდებს.
გენერალი ჰოჯესი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მოწვევით იმყოფება.
წყარო: mtavari.tv
0
0