
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით მსჯელობისას სიტყვით გამოვიდა.
„რატომ არ არიან და სად არიან ეს ადამიანები, რომლებიც ორი წლის წინ ასე თავგანწირვით აპროტესტებდნენ გაცილებით რბილ ქართულ კანონს, რატომ არ აპროტესტებენ დღეს ამ, გაცილებით მკაცრ ამერიკულ [FARA] კანონს? იმიტომ, რომ დღეს მათ აღარ აქვთ იგივე დაკვეთა, მთავარი დამკვეთი დღეს სხვა პოზიციაზეა“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს ქვეყანაში პროტესტის მიზეზი უფრო ცხადი მას შემდეგ გახდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ USAID-ისა და NED-ის ფინანსების მოკვლევა დაიწყო და ღიად განაცხადა, რომ ეს ორგანიზაციები თანხებს სხვა ქვეყნებში არეულობის მოსაწყობად იყენებდნენ.
დეპუტატის თქმით, უცხოური ფინანსების გამჭვირვალობა აუცილებელია იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს კეთილი საქმის ნიღბის ქვეშ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა.
„გასაგებია, რომ ამ კანონის მიმართ "ხალხის ძალას" განსაკუთრებით ემოციური დამოკიდებულება გვაქვს - იმდენი ცილისწამება და ლანძღვა მოვისმინეთ ჩვენი მისამართით. გვახსოვს, საპროტესტო აქციების მონაწილეებით სავსე ქუჩები, თუმცა დღეს საბოლოოდ ვიღებთ კანონს, რომელიც მოიცავს გაცილებით ფართო პირთა წრეს. ეს არ ეხება მხოლოდ არასამთავრობოებო ორგანიზაციებს ან მედიას და შესაბამისად, სანქციებიც არის ბევრად მკაცრი. გამჭვირვალობის კანონში იყო ერთადერთი მოთხოვნა - დაერეგისტრირებინათ, რა თანხას მიიღებდნენ უცხოეთიდან, ვისგან მიიღებდნენ და რა მიზნით, სხვა არანაირი ჩარევა არ ხდებოდა თავად გრანტის შინაარსში.
თუმცა, რატომ იყო ასეთი თავგანწირული პროტესტი, კარგად ვიცოდით მაშინაც და კიდევ უკეთ გამოჩნდა დღეს, როდესაც ამერიკაში დაიწყეს იმ დაფინანსებების გამოძიება, რომლებსაც განსაკუთრების USAID-ი და NED-ი ხარჯავდნენ სხვადასხვა ქვეყანაში. პრაქტიკულად ღიად ამბობენ ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, რომ ეს ფული გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყნებში მთავრობების შესაცვლელად, სახელმწიფო გადატრიალებების მოსაწყობად, ტრადიციული ღირებულებებისა და რელიგიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ა.შ. ბუნებრივია, ამის გამჟღავნება არც დონორებს სურდათ და არც - შეკვეთის მიმღებ ორგანიზაციებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებიდან მალევე ანალოგიური კანონი მიიღო საფრანგეთმა, რომელიც ამერიკულ კანონზეც კი მკაცრია - ითვალისწინებს გარკვეული დარღვევების შემთხვევაში 6 წლამდე პატიმრობას, 5 მლნ ევრომდე ჯარიმას, ასევე, სპეცსამსახურების მიერ 5 წლის მანძილზე სასამართლოს ნებართვის გარეშე თვალთვალისა და მოსმენის უფლებას. მაშინ ოპოზიცია ამტკიცებდა, თითქოს საფრანგეთში ეს კანონი რუსეთის, ჩინეთისა და არაბული ქვეყნების წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ის კანონმდებლები, რომლებიც საფრანგეთში ამ კანონს განიხილავდნენ, ამბობდნენ, რომ ეს კანონი ყველა ქვეყნის მიმართ საჭიროა.
უფრო მეტიც, ისინი პირდაპირ ასახელებდნენ იმ ქვეყნებს, რომელთა მხრიდან მომდინარე საფრთხესაც უნდა არეგულირებდეს ეს კანონი და ამ ჩამონათვალში არ ყოფილა, მაგალითად, ჩინეთი, სამაგიეროდ იყო რუსეთი, აზერბაიჯანი, მაგრამ მთავარი - ვისგან მომდინარე საფრთხეზეც საუბრობდნენ ფრანგი კანონმდებლები - იყო ამერიკის შეერთებული შტატები. შტატებს, ისტორიულად, საფრანგეთზე მჭიდრო პარტნიორი არ ჰყოლია, მაგრამ ფრანგი კანონმდებლები ამბობდნენ, რომ სწორედ აშშ ცდილობს ყველაზე მეტად ზეგავლენა მოახდინოს მათ საშინაო პოლიტიკაზე, ამას არასამთავრობოებისა თუ სხვა გავლენის აგენტების მეშვეობით ახერხებენ და სწორედ მათ წინააღმდეგ გვჭირდება კანონიო.
პოლიტიკა ზოგადად არ იცნობს მეგობრებს, იცნობს ინტერესებს და ამ ინტერესებს ყველა ქვეყანა თავისებურად ახორციელებს. ჩვენც, ბუნებრივია, უნდა მივიღოთ კანონები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას, სამშობლოს და ინტერესებს დაიცავს. რატომ არ არიან და სად არიან ეს ადამიანები [რადიკალები] და რატომ არ აპროტესტებენ ამ [FARA] კანონს? მათ აღარ აქვთ ახლა ის დაკვეთა, მთავარი დამკვეთი დღეს სხვა პოზიციაზეა და ახლა გეტყვით ამ შეცვლილ პოზიციას, რასაც ილონ მასკი შემდეგი სიტყვებით ახმოვანებს: „ენჯეოები არის ჯოჯოხეთი, ფულის დაზგა და ყველა დროის, ყველაზე დიდი თაღლითური სქემა. USAID დახმარება არ არის, ისეთ რამეებს აკეთებენ ესენი, რომ ეს რომ სამთავრობოები იყვნენ, იქნებოდა უკანონო. ისინი მარტივი იდეებითა და თაღლითური სქემებით მილიარდებს აკეთებენ. ლამაზ სახელს დაირქმევენ და სინამდვილეში კი ფულის საჭრელი დაზგა და რეჟიმების შეცვლის მანქანაა“.
სწორედ ეს არის ის, რისი პრევენციაც უნდა მოახდინოს ამ კანონმა. როცა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს კარგ საქმეს, ეს შეიძლება ჰუმანიტარული დახმარება ან რაიმე სხვა იყოს, ჩვენ ბუნებრივია მივესალმებით, მაგრამ იყოს გამჭვირვალე. დასამალი რა უნდა ჰქონდეს იმას, ვინც კარგ საქმეს აკეთებს? არც არაფერი! სწორედ იმიტომ ვიღებთ ამ კანონებს, რომ როცა გამჭვირვალე იქნება, ვერავინ გაბედავს კეთილი საქმეების ნიღბის ქვეშ სახელმწიფო გადატრიალების, ან სხვა რაიმე არეულობის მცდელობას. ჩვენი მხარდაჭერა ამ კანონს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025