
თუ [პაველ ჰერჩინსკის] რესურსი აქვს, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ააღებინოს ხელი - მგონია, რომ მას ამის რესურსი არ აქვს, ასეთ პირობებში, ყველამ უნდა გვაცალოს, რომ სამართლის უზენაესობა ჩვენ დავიცვათ,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელს ნამდვილად არ უწყობს“.
მისივე განმარტებით, „სამართლის უზენაესობის დაცვაზე საქართველოში პასუხისმგებელია არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისად, მისი კონსტიტუციური ორგანოები“.
„თავის დროზე მახსოვს კარლ ჰარცელის, წინა ელჩის განცხადება მელიას დაჭერასთან დაკავშირებით. მაშინ მან საჯაროდ განაცხადა და მეც მქონდა მასთან საუბარი, რომ მელიას დაჭერა რაღაცა პროცესების სწორად განვითარებას ხელს არ შეუწყობდა. მაშინ მე მარტივი რაღაც ვუთხარი - გადაახდევინეთ მელიას გირაო. ჩვენ რა უნდა გაგვეკეთებინა, სასამართლოს საქმიანობაში ხომ ვერ ჩავერეოდით? მისთვის ძალიან მარტივი იყო მელიას დარწმუნება, რომ გიარო გადაეხადა. ამაზე მითხრა, რომ ამის გაკეთებას არ გეგმავდა. შემდეგ, გახსოვთ, სტრასბურგის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სასამართლოს გადაწყვეტილება სწორი იყო, მელიას დაჭერა სწორი და ლეგიტიმური იყო. ისტორიას კარლ ჰარცელის არასწორი განცხადება და ასევე, სტრასბურგის სამართლებრივი გადაწყვეტილება დარჩა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების თითოეული მოქმედება სამართლის უზენაესობის პრინციპს და სამართლის განუყრელ დაცვას ეფუძნებოდა. რაც შეეხება ამ შემთხვევას, აქაც ძალიან დიდ პატივს ვცემ ევროკავშირის მოქმედ ელჩს ყველაფრის გამო, თუმცა აქ ერთი რამ მინდა აღვნიშნო - თუ რესურსი აქვს, მაშინ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ააღებინოს ხელი. მგონია, რომ მას ამის რესურსი არ აქვს. ასეთ პირობებში, ყველამ უნდა გვაცალოს, რომ სამართლის უზენაესობა ჩვენ დავიცვათ. თუ ევროკავშირის ელჩს არ აქვს ამის რესურსი და შეიძლება არ ჰქონდეს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება, სათანადო სამართლებრივი ინსტრუმენტებით ავაღებინოთ ხელი სალომე ზურაბიშვილს ამაზე. იმიტომ, რომ სამართლის უზენაესობის დაცვაზე საქართველოში პასუხისმგებელია არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისად, მისი კონსტიტუციური ორგანოები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელს ნამდვილად არ უწყობს.
0
0