21/10/2022
14:19
პოლიტიკა
შეთანხმება გვაქვს, რომელიც გვაიმედებს, რომ რეალურად შეიძლება მოხერხდეს სახალხო დამცველის არჩევა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის დიდი ნაწილი აირჩევს დესტრუქციულ გზას, ამ შემთხვევაში შეიძლება, გარკვეული პრობლემა პროცესს შეექმნას,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველის არჩევის პროცესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ პოლიტიკური ძალები საქართველოში, რომლებიც თვლიან, რომ თუ ისინი თავად არ იქნებიან წარმატების შემოქმედები, ასეთ შემთხვევაში, მათთვის მიუღებელია, რომ სხვა პოლიტიკურ ძალას, სხვა პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, საქართველოს ჰქონდეს წარმატება. ირაკლი კობახიძემ გუშინ თქვა, რომ არ ავირჩევთ ისეთ კანდიდატს, რომელიც იქნება მიკერძოებული „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს. ეს ნიშნავს იმას, რომ არჩეული კანდიდატი იქნება ნეიტრალური და არა ხელისუფლების მიერ მართული. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ავტომატურად არა „ნაციონალური მოძრაობისგან“ მართული ნიშნავს ხელისუფლების მიერ მართულს, ეს, რა თქმა უნდა, აბსურდულად კითხვის დასმას ნიშნავს. „ქართულ ოცნებას“ ნუ დაუსვამთ პირველ რიგში კითხვას შეთანხმებასთან დაკავშირებით თუ როგორი პოზიცია ექნება, იმ პოლიტიკურ ძალებთან დასვით კითხვა შეთანხმებისთვის ვინ რამდენად მზადყოფნას აცხადებს, რომლებიც ამბობენ უკომპრომისოდ, რომ მხოლოდ ეს და სხვა არც ერთი“,- განაცხადა სარჯველაძემ.
0
0