
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო გლობალური კატასტროფით იმუქრება. ამის შესახებ ვიაჩესლავ ვოლოდინი თავის ტელეგრამ არხზე წერს.
„ვაშინგტონი და ნატო-ს ქვეყნები თუ მიაწოდებენ უკრაინას იარაღს, რომელსაც კიევი მშვიდობიან ქალაქებზე შეტევითი დარტყმებისთვის და ჩვენი ტერიტორიების დაკავებისთვის გამოიყენებს, როგორც ისინი იმუქრებიან, ეს მიგვიყვანს საპასუხო ზომებამდე უფრო მძლავრი იარაღის გამოყენებით“, – წერს ვოლოდინი.
რუსეთის დუმის სპიკერის აზრით, ვაშინგტონს და ბრიუსელს მსოფლიო საშინელი ომისკენ და სულ სხვანაირი საომარი მოქმედებებისკენ მიჰყავთ. მისივე თქმით, უცხოელმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს შესაძლოა, დასრულდეს მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიით და მათი ქვეყნების განადგურებით.
„უსაფუძვლოა არგუმენტები, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს ადრე არ გამოუყენებიათ მასობრივი განადგურების იარაღი ლოკალურ კონფლიქტებში, რადგანაც ეს სახელმწიფოები არ დამდგარან ისეთი სიტუაციის წინაშე, როდესაც მათ მოქალაქეებს და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება“, – წერს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი.
0
0