14/12/2024
20:30
პოლიტიკა
თუ გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ერთობლივ, უფრო მკაცრ პოზიციაზე შეთანხმდებიან, მაშინ ორბანი ვერაფრის დაბლოკვას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა გამოცემა Handelsblatt-თან ინტერვიუში განაცხადა.
“სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ევროკავშირს არც გეგმა და არც სტრატეგია არ გააჩნია. ბოლოს და ბოლოს, მმართველმა პარტიამ ჯერ არჩევნები გააყალბა, მერე კონსტიტუცია დაარღვია და ახლა სასტიკად არბევს დისიდენტებს. საქართველო კვირების განმავლობაში ისტორიული პროპორციების კრიზისს განიცდის: ხალხი ქუჩებში გამოდის მათი ევროპული მომავლისთვის - მასიური სახელმწიფო ძალადობისა და რეპრესიების მიუხედავად. მამაც მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის დროშა უჭირავთ, თავს ესხმიან წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზითა და ხელკეტებით. და რა გვესმის ბრიუსელიდან ან ბერლინიდან? მხოლოდ სოლიდარობის ცარიელი გამოხატულებები. ამის ძალიან მრცხვენია", - განაცხადა როთმა.
უნგრეთის შესახებ კითხვაზე, რომელმაც შესაძლოა “ქართული ოცნების” ლიდერების წინააღმდეგ ევროკავშირს დონეზე სანქციები დაბლოკოს, როთმა უპასუხა, რომ უნგრეთი “ევროკავშირის გეგმის არარსებობის დასამალ საბაბად” გამოიყენება.
“უნგრეთი ევროპულ გადაწყვეტილებაზე ვერშეთანხმების მიზეზად გამოიყენება, თუ გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ერთობლივ უფრო მკაცრ პოზიციაზე შეთანხმდებიან, მაშინ ორბანი ვერაფრის დაბლოკვას ვერ შეძლებს… ჩვენი ბალტიელი პარტნიორები ერთადერთი გამონაკლისია. სწორედ ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ახალი ხელმძღვანელი, კაია კალასი, შექმნის დინამიკას, რომელიც საქართველოს ევროპის საგარეო პოლიტიკის ცენტრში დააყენებს,” - განაცხადა როთმა.
0
0