07/01/2025
12:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი X-ზე პასუხობს საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები, შესაძლოა, საფრანგეთისთვის პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საფრანგეთში ახალი არჩევნების ჩატარება პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა.
„საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას არ ვაპირებ, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფრანგების 61% პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას უჭერს მხარს, ხოლო 50% ეროვნული ასამბლეის დათხოვნა სურს, ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა“, - დაწერა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ გუშინ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერთ-ერთ გამოსვლაში თბილისში აქციის მონაწილეებსა ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა.
0
0