27/10/2024
14:31
პოლიტიკა
თუ განაცხადი იქნება, რომ არჩევნებში ხალხის ნება არაა გამოხატული, მაშინ გუშინდელ არჩევნებს ქვეყანაში დელეგიტიმაცია გამოუცხადდება, ხოლო ხალხის ნება გამეორებული იქნება საერთაშორისო ასპარეზზე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გვარამიას თქმითვე, „გამორიცხულია, რომ კოალიციას პარლამენტში შესვლაზე ოფიციალური პოზიცია ჰქონდეს“.
„ხალხის ხმა იძლევა ლეგიტიმაციას და არა უცხოეთი, არა რომელიმე სხვა. ლეგიტიმაციის თუ დელეგიტიმაციის საკითხები წყდება შიგნით, ქვეყანაში. [ერთი ვარიანტია,] თუ ქართველი ხალხი განაცხადებს, რომ ამ არჩევნების შედეგები არ გამოხატავს მათ ნებას, ან მეორე - რომ გამოვაცხადოთ, რომ გვჯერა, ამ ქვეყანაში ყოველი მეორე და კიდევ უფრო მეტი „ქოცია“. თუ განაცხადი იქნება პირველი, მაშინ ამ არჩევნებს ქვეყნის შიგნით დელეგიტიმაცია გამოუცხადდება და ხალხის ნება გამეორებული იქნება საერთაშორისო სარბიელზე. გამორიცხულია, რომ კოალიციას პარლამენტში შესვლაზე ოფიციალური პოზიცია ჰქონდეს და არავის ვურჩევ, რომ ინდივიდუალური პოზიციები ამგვარად გამოხატოს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. უფრო კონკრეტულად, სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ პარტია „ახალის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრები. მათ ორბელიანის სასახლე ცოტა ხნის წინ დატოვეს.
ამ წუთებში პრეზიდენტი უკვე არასამთავრობო სექტორთან მართავს აუდიენციას. პრეზიდენტთან შეხვედრაზე შევიდნენ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.
0
0