16/01/2025
09:07
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში გრძელდება. დღესვე, მონიტორინგის ჯგუფის წევრები პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან. მანამდე ისინი უკვე გაესაუბრნენ პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის კიდევ ორ დეპუტატს.
"ქართული ოცნების" წევრების განმარტებით, სტუმრებს ობიექტური სურათის ნახვის შესაძლებლობა აქვთ და იმედოვნებენ, რომ დასკვნაც შესაბამისი იქნება.
"თუ ეს ვიზიტი მიზნად ისახავს, რომ ობიექტური სურათი წაიკითხონ, მაშინ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება აქვთ და მე მინდა დავიჯერო, რომ, საბოლოო ჯამში, ელემენტარული ობიექტურობის განცდა ექნებათ ამ ჯგუფის წევრებს.
თუ მიზანი ისევ ის არის, რომ რამენაირად ამ ქვეყანაში ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი შექმნან, მაშინ ყველაფერი გასაგები იქნება", - აღნიშნა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
ევროპელი კანონმდებლები საქართველოში უკვე მესამე დღეა იმყოფებიან. მონიტორინგის ჯგუფი საქართველოში ოფიციალურად იმ ვალდებულებების შესრულების შესამოწმებლად ჩამოვიდა, რომელიც ქვეყანას ევროსაბჭოს წინაშე აქვს აღებული, თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, შეხვედრებისას საუბარი სხვა მნიშვნელოვან თემებსაც ეხება.
0
0