04/04/2023
13:07
პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა არა ხელისუფლების გადაწყვეტილებების, არამედ რუსეთიდან მიგრანტების შემოსვლისა და ფულის გამოდრიცხვების შედეგია. რომან გოცირიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეკონომიკა ყველაზე წარუმატებელი დარგია.
„რომელ სფეროში შეიძლება ჰქონოდა საქართველოს ხელისუფლებას წარმატება, როცა თქვენი ხელისუფლების არსებობის პერიოდში ყველაზე წარუმატებელი არის ეკონომიკა. გაღატაკდა ხალხი, იცლება ქვეყანა და არ ყოფილა არც ერთი პროგრესული გადაწყვეტილება მიღებული ეკონომიკაში, რომელსაც შეიძლება, რაღაც მომავლის იმედი გაეჩინა ხალხისთვის. გამოდის პრემიერ-მინისტრი და ხალხს ნაცარს აყრის თვალებში. ახლა, ტრაბახობს ეკონომიკური ზრდით. თუ ეკონომიკა იზრდება, მაშინ ხალხი რატომ გარბის ქვეყნიდან? ეკონომიკური ზრდის პროდუქტის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, ჩვენს მოქალაქეებს არ ხმარდებოდა და ამ ეკონომიკური ზრდის დიდი ნაწილი იყო ფიქტიური. აზიის განვითარების ბანკმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წელს რუსეთიდან ნაკლები მიგრანტების შემოსვლისა და ფინანსების შემცირების გამო, შესაძლოა შენელდეს, ხოლო 2024 წელს, მცირედი აღმასვლაა მოსალოდნელი. ზუსტად იგივე სიტყვებს გაიმეორებს მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა თურმე, საქართველოს რაიმე ეკონომიკური ქმედებებით კი არ ყოფილა გამოწვეული, არამედ რუსეთიდან მიგრანტების შემოსვლისა და რუსეთიდან ფულის გადმორიცხვის გამო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომაზე.
0
0