19/11/2024
15:54
მსოფლიო
„რუსეთის ახალი ბირთვული დოქტრინა ნიშნავს, რომ თუ ნატოს რაკეტებს რუსეთს ესვრიან, რუსეთის ფედერაციას უფლება ექნება, რომ კიევს და ნატოს საკვანძო ობიექტებს ბირთვული იარაღით უპასუხოს და მნიშვნელობა არ აქვს, ეს ობიექტები სად იქნება განთავსებული“. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა X-ში დაწერა.
მედვედევი ამბობს, რომ მოვლენათა ამ სცენარით განვითარება მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას განახლებული ბირთვული დოქტრინის - ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების დამტკიცების შესახებ.
ახალი დოქტრინის მიხედვით, ბირთვული იარაღი არის უკიდურესი ზომა ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად.
ბირთვულ დოქტრინაში აღნიშნულია, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი მის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საპასუხოდ.
„ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს აგრესია, მაგრამ ბირთვული ქვეყნის მონაწილეობით ან მხარდაჭერით, ჩაითვლება ერთობლივ თავდასხმად რუსეთის ფედერაციაზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
0
0