22/12/2023
19:44
მსოფლიო
გაეროს განცხადებით, თუ ისრაელსა და ,,ჰამასს“ შორის ომი გაგრძელდება, ღაზას მოსახლეობას შიმშილობა დაემუქრება.
გაეროს სურსათის უსაფრთხოების სააგენტომ დაადგინა, რომ 500,000-მდე ადამიანი "კატასტროფული პირობების" წინაშე დგას.
,,ღაზას ტერიტორიის მთლიანი მოსახლეობა, რომელიც დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანია, საკვების მწვავე დეფიციტს განიცდის. ღაზაში არავინ არის დაზღვეული შიმშილისგან. ახლა საჭიროა ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობა, რათა ღაზას მთელ ტერიტორიაზე სურსათის მარაგი შემოვიდეს, ხოლო მშვიდობიანმა მოსახლეობამ უსაფრთხოდ მიიღოს სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარება“, - თქვა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) წარმომადგენელმა სინდი მაკკეინმა.
გაეროს მოხსენებაში შეფასებულია კონფლიქტურ ან ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებულ ადგილებში სასურსათო უსაფრთხოების დონე.
"ფართო მოხმარების პროდუქციის, მათ შორის ღაზას სექტორში გაგზავნისთვის ნებადართული საკვების, რაოდენობა დიდწილად არასაკმარისია,“ - ნათქვამია მოხსენებაში.
გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუცია მიზნად ისახავს ღაზას მოსახლეობის დახმარების დაჩქარების მექანიზმის შექმნას, რომელშიც ჩართული იქნება შესაბამისი მხარეები, მათ შორის, ისრაელი.
ახალი რეზოლუციით ასევე მოთხოვნილია, რომ საკვების მიწოდებისთვის გამოყენებული იყოს ყველა არსებული მარშრუტი, მაგრამ მასში არ არის ნახსენები ბრძოლის დაუყოვნებელი შეწყვეტა.
როგორც გაეროში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა, განაცხადა, გაეროს უშიშროების საბჭოს ახალ რეზოლუციას სრულად უჭერს მხარს არაბული ჯგუფი.
0
0