ოპოზიციამ ხალხთან კომუნიკაცია ვერ ააწყო და სულ რაღაც მიზეზებს იგონებს, ამასობაში არჩევნები მოახლოვდა... კიდევ ერთი თვით გადადეს საარჩევნო კამპანიის დაწყება. ერთი თვე კი არა, ერთი საათი არ არის დასაკარგი, რკინის ქალამნები უნდა ეცვათ და სოფელ-სოფელ დადიოდნენ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამომრჩეველს ოპოზიციასთან შეხვედრა სჭირდება, რათა გადაწყვიტოს, ვის აძლევს ხმას და აღარ მოუწიოს იძულებითი არჩევანის გაკეთება.
პოლიტოლოგის შეფასებით, ქვეყანაში ოთხი პოლიტიკური ცენტრი იქნება, წინასაარჩევნოდ კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან ის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატად იქნება წარმოდგენილი.
„არ არსებობს იდეალური არჩევანი. კომპრომისის სახით, ხშირად ნაკლები უბედურების არჩევა გიწევს, წინასაარჩევნოდ კი ამომრჩეველს ეს კომფორტი უნდა ჰქონდეს, რომ იძულებითი არჩევანი არ გააკეთოს. ამომრჩევლის ნაწილისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ კი მიუღებელია, მაგრამ არც რუსეთში წასვლა უნდა. რადგან „ნაცებს“ ამ კოალიციურ ხელისუფლებაში ექნებათ 10% თუ 15%, რეალურად ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალაუფლებას იბრუნებენ. ეს ნიშნავს, რომ თავისი პატარა სეგმენტი ექნებათ. ამომრჩეველი ამ თამაშზე წამოვა.
გვექნება ოთხი პოლიტიკური ცენტრი - კარგი იქნება, თუ „ლელო“ და „ახალი“ დაჯგუფდებიან, იმიტომ, რომ ერთ ტალღაზე არიან და გარკვეულწილად, საარჩევნო სინერგიას ქმნიან. საჯარო სექტორისა და ყოფილი „ქოცების“ სეგმენტი გახარიას სეგმენტია. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ - აი ეს ოთხი პოლიტიკური ცენტრი გვექნება. სალომე ზურაბიშვილი კი წინასაარჩევნო კამპანიაში არის უმნიშვნელოვანესი ფიგურა. ჩვენ როდესაც ერთობასა და ერთიანობაზე ვლაპარაკობთ, სალომე ზურაბიშვილი და ქარტია ამ ერთიანობის შემკვრელია. ის არის ამ ერთიანობის პერსონალური შემკვრელი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. ნახეთ, რამხელა უხერხულობა უჩნდება „ქართულ ოცნებას“ - თუ სალომე ზურაბიშვილი არის წინასწარ გაცხადებული ერთიანი კანდიდატი თუნდაც გაშლილი ოპოზიციის, „ქართულ ოცნებას“ უჩნდება საჭიროება, რომ თავისი კანდიდატი „გამოაგოროს“. ზურაბიშვილის თანაზომადი ფიგურა „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს. ერთადერთი, ვინც კონკურენტული შეიძლება გახდეს ზურაბიშვილთან, არის ბიძინა ივანიშვილი. თუმცა, თავად ივანიშვილისთვის როგორია ახლა ამ არჩევანის გაკეთება, ის ხომ ღმერთკაცია, როგორ შეიძლება ვინმესთან კონკურენციაში შევიდეს. მას ხომ პერსონალურად არასდროს მიუღია არჩევნებში მონაწილეობა. ის ყოველთვის პოლიტიკის ზემოდან იყო და ახლა მის გარდა სხვა კანდიდატი არ ჰყავთ, ვინც სრულფასოვან კონკურენციას გაუწევს სალომე ზურაბიშვილს. თუ ბიძინა შემოვიდა ამ თამაშში, მაშინ ან სალომე ადის „ოლიმპოზე“, ან ბიძინას მოუწევს მიწაზე ჩამოსვლა და ამით მისი უძლეველობის მითოლოგია დაინგრევა. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობის თემა კამპანიის ნაწილი უნდა იყოს.
ახალგაზრდობამ უნდა დაიწყოს სტრუქტურირება და პოლიტიკურ მაგიდასთან უნდა დაჯდეს, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე. არჩევნებში კი არ უნდა მიიღოს დამოუკიდებლად მონაწილეობა, აი ეს ოთხი ცენტრი რაც იქნება, ამაში რომელიმესთან უნდა შევიდეს, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი. შეიძლება, ასეთი რამდენიმე ახალგაზრდული ჯგუფი გაკეთდეს. ეს იმიტომაა საჭირო, რომ ჩვენი ქვეყანა გარდამავალ ეტაპზე იმყოფება, ძველი პოლიტიკური ელიტა ნელ-ნელა უნდა წავიდეს და ახალგაზრდებს უნდა გადააბარონ ხელისუფლება. ესენი უკვე უნდა შემოვიდნენ თამაშში და ნელ-ნელა დაიწყონ ძალაუფლების გადაბარება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
0
0