25/10/2022
12:38
პოლიტიკა
თუ არ იქნება რეფორმები, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროინტეგრაციის კონტექსტში წარმატების მიღწევა - სანქციების მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, პარტნიორები შეშფოთებულნი არიან ანტიდასავლური განცხადებების, ქვეყანაში რუსული ინტერესების გაძლიერებისა და ჩავარდნილი რეფორმების გამო.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების ყველაზე უფრო ღრმა შეშფოთებას იმსახურებს სამი ძირითადი საკითხი: ანტიდასავლური კამპანია, საქართველოში რუსული ინტერესების გაძლიერება და მესამე - ჩავარდნილი რეფორმები, მათ შორის, მართლმსაჯულების და სასამართლოს კუთხით, რომელიც არის ყველაზე უფრო ნიშანდობლივი ინსტრუმენტი რეჟიმის, ხელისუფლების და ინსტრუმენტალიზაცია ამ მახინჯი სისტემის ოლიგარქიის და კლეპტოკრატიის. ამიტომ, თუ არ იქნება რეფორმები, როგორც ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროინტეგრაციის კონტექსტში წარმატების მიღწევა,"- განაცხადა დეკანოიძემ.
კითხვაზე, როცა ნედ პრაისი ამავე განცხადებაში საუბრობს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ სანქციებს დასავლეთი ხელისუფლებას არ დაუწესებს, დეკანოიძე აცხადებს, რომ სანქციების მიმართულებით ისინი იმუშავებენ.
„ჩვენი პოზიცია არის მყარი, სანქციების მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ, ეს გამოვლინდა რამდენიმე დღის წინ, ეს იქნება სანქციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებისთვის სერიოზული პრობლემაა და ასევე საქართველოს დემოკრატიისთვის. აქ სახელმწიფოს სანქციებზე არავინ საუბრობს, აქ საუბარია იმაზე, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც ეხმარება უკრაინაში რუსეთს სამხედრო აგრესიის მიმართულებით, რა თქმა უნდა, უნდა დაუწესდეს სანქციები,"- განაცხადა დეკანოიძემ.
0
0