07/07/2023
15:05
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური V საერთაშორისო სიმპოზიუმი გახსნა, რომელშიც 70-მდე ახალგაზრდა მეცნიერი მონაწილეობს, როგორც საქართველოდან, ასევე აშშ-დან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან.
ჯაბა სამუშიამ სიმპოზიუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მსგავს ღონისძიებებში ახალგაზრდა მკვლევრების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სწორედ ასეთ ღონისძიებებზე იბადება ის დიდი იდეები, რომლებიც შემდეგ გარდაიქმნება ძალიან მნიშვნელოვან შრომებად და მონოგრაფიებად. მსგავს კონფერენციებზე ვუზიარებთ ერთმანეთს სხვადასხვა მოსაზრებას, ეს არის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა. ნებისმიერ მეცნიერს, რომელსაც ჰუმანიტარულ მიმართულებებში წვლილი აქვს შეტანილი, სწორედ ასეთი შეხვედრების დროს აყალიბებდნენ თავიანთ უმნიშვნელოვანეს იდეებს“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
„თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია დაამკვიდრა ჩვენს აკადემიურ სივრცეში, ჩვენ უკვე მეხუთედ ვმასპინძლობთ სიმპოზიუმს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას არა მხოლოდ თსუ-ში, არამედ ჩვენს ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთაც, ერთმანეთთან დააკავშიროს ახალგაზრდა მეცნიერები, რაც მომავალში პროფესიული ურთიერთობების კარგი საწინდარი იქნება“,- განაცხადა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.
მისი თქმით, სიმპოზიუმი ხელს შეუწყობს ინტერდისციპლინურ კვლევათა წარმოჩენას, კვლევის თანამედროვე მეთოდებისა და თეორიული მიდგომების ურთიერთგაზიარებას, ქართველოლოგიის პოპულარიზაციას და ინტერნაციონალიზაციას, ახალგაზრდა და გამოცდილ მკვლევართა შორის კონტაქტების დამყარებას.
კონფერენცია 9 ივლისამდე გაგრძელდება. სიმპოზიუმის მოწვეული მომხსენებლები არიან ლიუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) კულტურის კვლევების პროფესორი – დოქტორი მიტია ველიკონია, გიოტინგენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის თანამედროვე ისტორიის პროფ. სვეტლანა სუვეიკა და ნორდის უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის პროფესორი – ფრენკ ჯეიკობი (ნორვეგია).
ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელის სტივენ ჯონსის თქმით, საქართველო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და არის ინტერდისციპლინური ლაბორატორია. როგორც მან აღნიშნა, კონფერენციის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები ძალიან საინტერესოა, მისი თქმით, სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილი ლექციებიდან და დისკუსიებიდან ახალგაზრდა მეცნიერები ძალიან ბევრ ახალ და საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ და ისწავლიან.
ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო სიმპოზიუმის ძირითადი მიმართულებაა კულტურის კვლევები.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამა. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება სიმპოზიუმის ბაზაზე დაფუძნებულ სამეცნიერო, რეფერირებად ჟურნალში – TSU-ti (www.tsuti.tsu.ge), რომელიც ინდექსირებულია Crossref-ის, EBSCO-სა და სხვა სამეცნიერო ბაზებში ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორის – DOI-ს მითითებით.
0
0