
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქცია იმართება. სტუდენტების ნაწილმა დაიკავა კანცელარიის ოთახი, ისინი რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ითხოვენ.
პროტესტის მონაწილეები შეკრებილები არიან პირველი კორპუსის ეზოშიც. ისინი ითხოვენ: აიკრძალოს უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლება, გათავისუფლდნენ ორი დღის წინ, კეკელიძეზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა.
"რაც ჩვენ ვნახეთ ძალადობრივ გამოსახლებასთან დაკავშირებით, ეს რაღაც ტიპის გაკვეთილიც იყო და როგორც ჩანს, ეს გაკვეთილი ყველაზე კარგად დაინახეს სტუდენტებმა, რომლებმაც დღეს ამ ძალადობრივი პრაქტიკის შეჩერების მოთხოვნით და მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ვინც წინააღმდეგობას უწევდა ძალადობრივ გამოსახლებას, სახლის შტურმით აღებას, დაიკავეს თსუ-ს კანცელარია", - თქვა აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა.
ცნობისთვის, საუბარია კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებისას სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიაზე. სასამართლომ გუშინ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურა მათ სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
0
0