22/04/2025
23:57

ხმები, რაც ჩვენ მივიღეთ, ჩემთვის პრობლემის მიმანიშნებელი იყო და დამიტოვა ის, რომ რაღაც თუ არ შევცვალეთ, წავალთ იმავე წრეზე, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ყოფილმა წევრმა, ცოტნე კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
"ჩემთვის მთავარი პრობლემა არის ის, როცა პრობლემების გაუაზრებლობა ხდება. თითქოს სირცხვილია, რაღაცაზე თქვა, რომ ეს ასე არ იყო, როგორც ელოდი და ხვალ რაღაცას სხვანაირად იზამ. შეცდომაა, როცა ადამიანს მიულოცავ, ღია ეთერში ეტყვი, რომ შენ მოიგე არჩევნები და დაახლოებით 15 წუთში ეუბნები, არჩევნები ისე გაყალბდა, რომ არც იცი, როგორ მოხდა; ეთერებში მუდმივად ცესკო-ს თავმჯდომარე როცა დაგვყავს, აჩვენებინებ, რა მაგარი აპარატია, რომ არაფერი მოხდება, უნაკლოა ყველაფერი და შემდეგ, არჩევნებიდან რამდენიმე წუთში რაღაცები იცვლება; როცა დავინახე, რომ არჩევნების გასაპროტესტებლად ბევრად ნაკლები ადამიანი გამოვიდა, ვიდრე მას შემდეგ, რაც კობახიძემ შანსი არ დაუტოვა, სახლში დარჩენილიყვნენ; როცა დავინახე, რომ არსებობს ძალიან ბევრი კარგი ადამიანი და ის წარმომადგენლად პოლიტიკურ სპექტრში ვერავის პოულობს“, – განაცხადა კობერიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ოპოზიციის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნდობის მაჩვენებელი იყო მისთვის პრობლემა, რაც ერთგვარად იყო მიზეზი, რის გამოც ხალხი გასაპროტესტებლად არ გამოვიდა, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ ნდობის დეფიციტი არსებობს.
"სულ ასეთი განცდა მაქვს და ჩვენ სულ იმას ვდავობთ – ოპოზიცია რომ მანქანად წარმოვიდგინოთ, რომელი გზით უნდა წავიდეს, რევოლუციური თუ ინსტიტუციური გზით. სულ ფიქრი მაქვს, რომ, სინამდვილეში, ბენზინის ავზიდან რაღაც აპარებს, რამაც უნდა მიგიყვანოს ან ერთ, ან მეორე გზამდე. ჩემი აზრით, ამისთვის მნიშნელოვანია ხალხის მეტი მხარდაჭერა, სანდოობა და რაც არ უნდა გზა აირჩიო, სულ განცდა გქონდეს, რომ საზოგადოებაში ბოლომდე რაღაც ასეთი სანდოობა გვაქვს“, – განაცხადა კობერიძემ.
მისი თქმით, იყო დინამიკი და მიკროფონი, რომელთანაც პოლიტიკოსი არ ადიოდა, რადგან აქციაზე მყოფ ადამიანსა და პოლიტიკურ სპექტრს შორის არ არსებობს ხოლმე იმხელა ბმა, რომ ეს თავისთავად ხდებოდეს.
"ჩვენ ხომ არ გვგონია, იქ პოლიტიკოსი იმიტომ არ ადის, რომ მას ეს არ უნდა? პოლიტიკოსი პოლიტიკური ცხოველია და მიკროფონთან ასვლა ყველას ყოველთვის უნდა უნდოდეს. ეს იგივეა, ფეხბურთელს არ უნდოდეს სავსე სტადიონზე გასვლა. აქ პრობლემა იყო განცდა, რომ იმ აქციაზე მყოფ ადამიანსა და პოლიტიკურ სპექტრს შორის არ არსებობს ხოლმე იმხელა ბმა, რომ თავისთავად ეს ხდებოდეს“, – განაცხადა კობერიძემ.
როგორც ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ ქუჩაში ჩხუბიც, პროტესტიც, არჩევნებიც და პოლიტიკაც შეატოვა „მხოლოდ საპროტესტო ადამიანებს, ამდენ კარგ ადამიანს“, რაც, მისი აზრით, იყო პრობლემა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, „რატომ ხდება ისე, რომ ექვსი თვეა, ადამიანები რუსთაველზე დგანან და ოპოზიციური სპექტრი გარკვეულწილად, პასუხისმგებლობის აღებას გაურბის და რა პროცესები მიმდინარეობს ოპოზიციის შიგნით“, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ ეს ბუნებრივი პროცესი რომ ყოფილიყო, ყველა, ვინც საუბრობს, გულწრფელი რომ ყოფილიყო, ერთხელ მოხდებოდა ერთობა, რაზეც ოპოზიცია ორი წელია, საუბრობს.
კობერიძის თქმით, სინამდვილეში მათ შორის კონკურენცია მიმდნარეობს, „თანაც საუბარი საერთოდ სხვა რამეზე“.
შეკითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს, მიიღებს თუ არა ოპოზიცია 26 ოქტომბრისგან განსხვავებულ შედეგს, კობერიძემ აღნიშნა, რომ ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ეს იქნება „ქართული ოცნების“ პრაიმერიზივით.
"ეს იქნება „ქართული ოცნების“ არჩევნები. ეს ნიშნავს, რომ ჩაგიტარა „ქართულმა ოცნებამ“ იმის ფონზე, რაც გავატარეთ; იმ ფორმით ჩაატარებს, რა ფორმითაც ჩაატარა. პირიქით, ახლა რაღაცები კიდევ მეტად დამძიმებულია. თვითონ უნდა აწყობდეს „ქართულ ოცნებას“ ახლა არჩევნების ჩატარება. ჩვენ ხომ თავისთავად არჩევნების ფულის ხარჯვა არ გვიხარია? ჩვენ ხომ გვინდა სტატუს კვოს ცვლილება, მოგება უნდა გვინდოდეს. მოგების ფორმულა უბრალოდ ასე არჩევნები არ არის. მოგების ფორმულა არის, რომ ხელისუფლება უნდა გყავდეს ან ძალიან დიდ წნეხში, ან ვიდრე ის დაგინიშნავს, ისედაც სარჩევნო კამპანიაში უნდა იყო და იმდენი ადამიანი გყავდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების დანიშვნა არც უნდა უნდოდეს. თუ დანიშნავს, უნდა იცოდეს, რომ ყველა ვარიანტში წააგებს“, – განაცხადა კობერიძემ.
ამასთან, კობერიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის მთავარი პრობლემა იყო, როდესაც ოპოზიციამ პოლიტიკის გასაღები მხოლოდ ქვეყნის გარეთ დაინახა.
"ტრამპის არჩევნებისთვის ლოდინი რომ არის პოლიტიკის კეთება, ამ დროს დავფიქრდი, რა უნდა უთხრა ამომრჩეველს, თუ გინდა, ქვეყანაში რამე შეცვალო. აქ და ახლა პოლიტიკის კეთება უნდა შეგვეძლოს, აქ და ახლა პოლიტიკის კეთებას კი სჭირდება მეტი სანდოობა და წლების განმავლობაში ბევრმა არათანმიმდევრულმა ქმედებამ, ბევრმა შეცდომამ დააგროვა ის, რომ ეს მოცემულობა აღარ არის“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
0
0