
უსინდისო ტყუილია, რომ ანაკლიის კონსორციუმმა 16-ჯერ შეაცვლევინა ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფოს - თითქოს ვინმე გარანტირებულ მოგებას ითხოვდა სახელმწიფოსგან. სადამდე შეიძლება დაეცე ადამიანი, რომ ასეთი ცილისწამება გაავრცელო , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, პაპუაშვილისგან და მისი მსგავსი სპიკერებისგან ცილისწამება არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან სიცრუის გავრცელება მათი პროფესია.
„ისეთი საყოველთაოდ ცნობილი ცრუპენტელას, როგორიც არის შალვა პაპუაშვილი, განცხადებებს პასუხი, რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში, არ უნდა გაეცეს, მაგრამ ამჯერად მან თავის თავსაც კი გადააჭარბა ტყუილების გავრცელებით, შესაბამისად, აუცილებელია საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე.
პაპუაშვილი ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ხრავდა გერმანელი გადასახადის გადამხდელის ფულს, ახლა მან გადაინაცვლა ივანიშვილის ბანაკში და ხრავს ამჯერად ქართველი გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილ ფულს, სხვებთან ერთად. მისთვის სრულიად უცხოა, რას ნიშნავს, კეთილსინდისიერი ინვესტორი, ქვეყნის მიმართ აღებული ვალდებულება, ამიტომ ის ყოველთვის ცდილობს ოპონენტების მიმართ გაავრცელოს ცილისწამება. დღეს მან ამის კიდევ ერთი მაგალითი გვაჩვენა, როცა განაცხადა, რომ თურმე ანაკლიის კონსორციუმმა 16-ჯერ შეაცვლევინა ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფოს, ეს უსინდისო ტყუილია.
ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან მოზიდული იყო მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, რომლის მსგავსი არ დაესიზმრება არც პაპუაშვილს, არც კობახიძეს. ესენია - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ოპიკი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკი. ეს ბანკები მთლიანობაში უზრუნველყოფდნენ 400 მილიონი დოლარის ფინანსირებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის სწორედ იმ ინვესტორების რეპუტაციის საფუძველზე, რომლებიც იყვნენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლები.
გარდა ამისა, მოზიდული იქნა ამერიკული, ერთ-ერთი ყველაზე რეპუტაციული მმართველი პორტების და მასთან ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნა პირდაპირ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თანდასწრებით. ყველა კომპონენტი იქნა თავმოყრილი, მათ შორის კაპიტალის მოთხოვნაც კმაყოფილდებოდა, სანამ ბიძინა ივანიშვილის დავალებით არ დაიწყო მამუკა ხაზარაძესა და ჩემზე ცილისმწამებლური კამპანია, ვითომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. სინამდვილეში ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა იმიტომ, რომ, როდესაც ადამიანი იზიდავს 600 მილიონ დოლარს და მას ცილს სწამებ, ავრცელებ ინფორმაციას, რომ ის ფულის გათეთრებაშია გარეული, ცხადია ეს არის გამიზნულად გაკეთებული იმისათვის, რომ არ დასრულებულიყო ფინანსირების პროცესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის.
კიდევ ერთი უსინდისო ტყუილი, რომელიც პაპუაშვილმა გაავრცელა, არის ის, რომ თითქოს ვინმე გარანტირებულ მოგებას ითხოვდა სახელმწიფოსგან. სადამდე შეიძლება დაეცე ადამიანი, რომ ასეთი ცილისწამება გაავრცელო. სინამდვილეში საუბარი იყო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკის გარანტიის შექმნაზე არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის მხრიდან, არამედ ამას უზრუნველყოფდა ევროკავშირი, ინვესტორები და საუბარი იყო სახელმწიფოს მხრიდან 50 მილიონი დოლარის ოდენობის უზრუნველყოფილი გარანტიის აუცილებლობაზე, რომელსაც ითხოვდნენ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები. დღეს ეს ხალხი ლაპარაკობს, რომ ბიუჯეტიდან აპირებენ დახარჯონ 300 მილიონი დოლარი.
„ქართულ ოცნებაში“ არის ძალა, რომელიც არა მხოლოდ რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ იმართება, არამედ ეს არის ძალა, რომელიც სრულიად არაკომპეტენტური ადამიანებისგან შედგება, რომელთაც არაფერი არ მოუზიდიათ ცხოვრებაში ამ ქვეყნისთვის, არაფერი ღირებული არ შეუქმნიათ ამ ქვეყნისთვის. პაპუაშვილისგან და მისი მსგავსი სპიკერებისგან ცილისწამება არ უნდა გაგვიკვირდეს. სიცრუის გავრცელება - ესაა მათი პროფესია“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
0
0
სამტრედიაში სკოლის მოსწავლეს ეძებენ
13/03/2025