
წლების შემდეგ მიყვებოდნენ ქართულ ჯარზე, რომ ისე გაიარა ოსური სოფლები, არც ძარცვა, არც მაროდიორობა, არც მკვლელობა, დახვრეტა, არც წამება არ ყოფილა, – ამის შესახებ 2008 წელს თიღვის თემის გამგებელმა, გიორგი კაპანაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯარი მარტო ესროდა მათ, ვინც იარაღით უწევდა წინააღმდეგობას.
„როცა ჩამოვედით და ცხოვრება დავიწყეთ, რამდენიმე წელი იქიდან არაფერი იყო, არ გამოდიოდნენ, მაგრამ წლები რომ გავიდა, 2011 წლიდან უკვე დაიწყეს ოსებმა აქ სამკურნალოდ გამოსვლა. რეფერალური პროგრამის ფარგლებში გამოდიოდნენ. ჩემი რაიონიდანაც გამოდიოდნენ. გამოდიოდა ხალხი იმ სოფლებიდან, ვინც მე მიცნობდა, ბავშვები, ერთად რომ გავიზარდეთ და მიყვებოდნენ ქართულ ჯარზე, რომ ჯარმა ისე გაიარა მთლიანად ზნაურის რაიონის, ცხინვალის რაიონის სოფლები, არც ძარცვა, არც მაროდიორობა, არც მკვლელობა, დახვრეტა, არც წამება არ ყოფილა. გაკვირვებული იყვნენ. ახსოვთ, 90-იან წლებში რაც ხდებოდა. ვუთხარი, მაშინ ჯარი არ გვყავდა-მეთქი, მაშინ იყო სულ სხვა რამ, იყო დაჯგუფებები, რაღაცები, ვინ ვის მეთაურობდა, არ ვიცოდით. მართლა ჯარი შევიდა და გამოვიდა, ჯარი მარტო ესროდა მათ, ვინც იარაღით უწევდა წინააღმდეგობას. ბევრმა დამიფიქსირა ეს ფაქტები, რომ ჯარს, ფაქტობრივად, არაფერი დაუშავებია“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
გიორგი კაპანაძეს კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მიმართა:
„კი, ეს იყო ქართული ჯარი, რომელიც სააკაშვილმა, მერაბიშვილთან ერთად, გამოიყენა საზარბაზნე ხორცად. დავით კეზერაშვილს, რომელიც იმ დროს იყო პოლიტიკური თანამდებობის პირი და თავდაცვის მინისტრი, იმის მაგივრად, ჯარი დაეცვა პოლიტიკური მანიპულაციებისგან, მანაც მიიღო ამაში მონაწილეობა“.
0
0